2020 წლის 12 ივნისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
რუანდელ და ზიმბაბველ და-ძმებს პანდემიის დროს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ
რუანდისა და ზიმბაბვეს ფილიალები ადგილობრივი კრებების უხუცესებთან ერთად ზრუნავენ, რომ და-ძმებს, რომლებიც კორონავირუსის გამო ულუკმაპუროდ დარჩნენ, ყოველივე აუცილებელი ჰქონდეთ.
რუანდა
2020 წლის 2 აპრილს რუანდაში უხუცესებმა ფილიალისგან მიიღეს წერილი, სადაც სთხოვდნენ, იმ და-ძმების ვინაობა დაედგინათ, ვინც კორონავირუსის გამო მატერიალურად დაზარალდა, და მათთვის დახმარება აღმოეჩინათ. ინფორმაციის შეგროვების შემდეგ უხუცესებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს და-ძმების საკვებითა და საჭირო ნივთებით მომარაგება.
აპრილის შუა რიცხვებში რუანდის ფილიალმა დაზარალებულთა დახმარების 31 კომიტეტი ჩამოაყალიბა. ძმებმა ოჯახები სიმინდით, ფქვილით, ლობიოთი, მარილით, შაქრითა და ზეთით მოამარაგეს. დღემდე 7 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო ასეთი დახმარება.
მას შემდეგ, რაც საკვები პროდუქტები მიიღეს, ერთმა დამ, ნიზეიმანა ჩარლოტმა და მისმა სამმა შვილმა ასეთი რამ თქვეს: „დიდი მადლობა, რომ ასეთ რთულ დროს არ გვაკლებთ სულიერ და ფიზიკურ საზრდოს. სიტყვები არ გვყოფნის მადლიერების გამოსახატავად!“.
აი როგორ გაიხსენა ერთმა ძმამ ის დღე, როცა გაიგო, რომ ძმები მისი ოჯახისთვის პროდუქტების მიტანას აპირებდნენ: „იმ დღეს ჩემს ცოლს შიმშილისგან გული წაუვიდა. სწორედ ამ დროს დამირეკეს ძმებმა და მითხრეს, რომ ჩვენი ოჯახისთვის საკვების მოტანას აპირებდნენ. გაოგნებული ვიყავი. ეს ნამდვილი სასწაული იყო! მთელი ღამე ლოცვაში მადლობას ვუხდიდი იეჰოვას“.
ზიმბაბვე
კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გააღატაკა ისედაც ღარიბი ხალხი.
ზიმბაბვეს ფილიალმა დაზარალებულთა დახმარების 5 კომიტეტი შექმნა. გარდა ამისა, ორგანიზება გაუწია, რომ მაუწყებლებს თანაქრისტიანებისთვის საჭირო პროდუქტები და პირველადი დახმარების საგნები გაეღოთ. მათ შენაწირს დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები გაჭირვებულ და-ძმებს ურიგებენ.
ამჟამინდელი მონაცემებით, დაზარალებულთა დახმარების კომიტეტებმა 7 319 და-ძმას გაუნაწილეს 62 669 კილოგრამი სიმინდის ფქვილი, 6 269 ლიტრი ზეთი, 3 337 კილოგრამი გამომშრალი თევზი (კაპენტა) და 5 139 კილოგრამი ლობიო.
ერთ დაინტერესებულ ცოლ-ქმარს, რომლებიც რეგულარულად ესწრებიან კრების შეხვედრებს, საკვების მარაგი ელეოდა. მათ გულში სითბო ჩაეღვარათ, როცა ძმამ, რომელიც ბიბლიას ასწავლიდა, პროდუქტები მიუტანა. არადა წინა დღეს იმ ეკლესიის მოძღვარმა, სადაც ადრე დადიოდნენ, დაურეკა და თავისი ოჯახისთვის შესაწირის გაღება მოსთხოვა. როცა დაინახეს, როგორ განსხვავდებოდნენ იეჰოვას მოწმეები ამ მოძღვრისგან, გადაწყვიტეს, ოფიციალურად დაეტოვებინათ ეკლესია.
ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა კვლავაც იზრუნებს რუანდელი და ზიმბაბველი და-ძმების საჭიროებებზე (საქმეები 11:29).