იოანეს გამოცხადება 1:1—20
1 იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მან ღვთისგან მიიღო,+ რათა თავისი მონებისთვის გაემჟღავნებინა ის,+ რაც მალე უნდა მოხდეს. მან თავისი ანგელოზი გაგზავნა და მისი მეშვეობით ნიშნებით აჩვენა ეს თავის მონა იოანეს,+
2 რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვის, იესო ქრისტეს მოწმობისა და იმის შესახებ, რაც ნახა.
3 ბედნიერია ის, ვინც ხმამაღლა კითხულობს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს+ და ისინიც, ვინც ისმენენ და იცავენ ამ სიტყვებს, რადგან დანიშნული დრო მოახლოებულია.
4 იოანეს მიმართვა აზიის შვიდ კრებას:+
არ მოგკლებოდეთ მისი წყალობა და მშვიდობა, „ვინც არის, იყო და მოდის“,+ და იმ შვიდი სულის წყალობა+ და მშვიდობა, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან,
5 და იესო ქრისტეს — „ერთგული მოწმის“,+ „მკვდართაგან პირმშოსა“+ და „დედამიწის მეფეთა მთავრის“+ — წყალობა და მშვიდობა!
დიდება და ძლევამოსილება მარადიულად მას, ვისაც ვუყვარვართ+ და ვინც საკუთარი სისხლით გამოგვისყიდა ჩვენი ცოდვებისგან,+
6 და თავისი ღვთისა და მამის სამეფოდ+ და მღვდლებად+ გვაქცია. ამინ!
7 ღრუბლებით მოდის ის+ და ყოველი თვალი დაინახავს მას, ისინიც კი, ვინც ის განგმირა; დედამიწის ყველა ტომი მის გამო მწუხარებისგან მკერდში მჯიღის ცემას მოჰყვება.+ ამინ!
8 „მე ვარ ალფა და ომეგა*,+ — ამბობს იეჰოვა* ღმერთი, — ვინც არის, იყო და მოდის, ყოვლისშემძლე“.+
9 მე, თქვენი ძმა იოანე, იესოს მიმდევრობისთვის+ თქვენთან ერთად გასაჭირში მყოფი,+ თქვენთან ერთად სამეფოს+ მოზიარე და ყოველივეს მომთმენი,+ კუნძულ პატმოსზე აღმოვჩნდი ღვთისა და იესოს შესახებ ქადაგების გამო.
10 შთაგონებით უფლის დღეში აღმოვჩნდი და უკნიდან შემომესმა საყვირის ხმის მსგავსი ძლიერი ხმა,
11 რომელიც ამბობდა: „რასაც ხედავ, დაწერე გრაგნილზე და გაუგზავნე შვიდ კრებას ეფესოში,+ სმირნაში,+ პერგამონში,+ თიატირაში,+ სარდისში,+ ფილადელფიასა+ და ლაოდიკეაში“.+
12 მივბრუნდი, რომ დამენახა, ვინ მელაპარაკებოდა და დავინახე შვიდი ოქროს სალამპრე+
13 და სალამპრეებს შორის ვიღაცა, კაცის ძის მსგავსი,+ რომელსაც გრძელი სამოსელი ემოსა და მკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა.
14 თავი და თმა მატყლივითა და თოვლივით თეთრი ჰქონდა, თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა,+
15 ფეხები — ღუმელში გავარვარებულ სუფთა სპილენძს,+ ხმა კი — წყალთა ხმაურს;
16 მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი ეჭირა;+ მისი პირიდან ბასრი, დიდი ორლესული მახვილი+ გამოდიოდა და სახე მოკაშკაშე მზეს მიუგავდა.+
17 როცა დავინახე, მის ფეხებთან მკვდარივით დავეცი.
მან მარჯვენა ხელი დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია. მე ვარ პირველი+ და უკანასკნელი.+
18 ცოცხალი ვარ!+ მკვდარი ვიყავი,+ მაგრამ ახლა ცოცხალი ვარ და მარადიულად ვიცოცხლებ;+ ჩემს ხელთაა სიკვდილისა და სამარის* გასაღებები.+
19 ამიტომ დაწერე ის, რაც ნახე, რაც ახლა ხდება და რაც ამის შემდეგ მოხდება.
20 აი წმინდა საიდუმლო შვიდი ვარსკვლავის შესახებ, ჩემს მარჯვენა ხელში რომ იხილე, და შვიდი ოქროს სალამპრის შესახებ: შვიდი ვარსკვლავი შვიდი კრების ანგელოზებს განასახიერებს, შვიდი სალამპრე კი — შვიდ კრებას“.+
სქოლიოები
^ ალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოებია.
^ იხ. დანართი ა5.
^ ბერძნ. „ჰადეს“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).