დანიელი 7:1—28
7 ბაბილონის მეფე ბელშაცარის+ მეფობის პირველ წელს დანიელმა სიზმარი და ხილვები იხილა თავის საწოლში.+ ჩაწერა მან ეს სიზმარი;+ ყველაფერი ზედმიწევნით აღწერა.
2 დანიელმა ასე დაიწყო:
«ღამით ხილვები მქონდა; ვიხილე, რომ ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აღელვებდა.+
3 ზღვიდან ერთმანეთისგან განსხვავებული ოთხი უზარმაზარი მხეცი+ ამოვიდა.
4 პირველი მხეცი ლომს ჰგავდა+ და არწივის ფრთები ჰქონდა.+ დავინახე, რომ ფრთები დააგლიჯეს; შემდეგ წამოაყენეს მიწიდან და კაცივით ორ ფეხზე დააყენეს. მას კაცის გული მიეცა.
5 სხვა, მეორე მხეციც ვიხილე, რომელიც დათვს ჰგავდა.+ ცალი მხარი აწეული ჰქონდა და კბილებით სამი ნეკნი ეჭირა. მას უთხრეს, ადექი და ბევრი ხორცი ჭამეო.+
6 გავიხედე და კიდევ ერთი მხეცი დავინახე, რომელიც ჯიქს* ჰგავდა.+ მას ზურგზე ფრინველის ოთხი ფრთა ჰქონდა. მხეცი ოთხთავიანი იყო;+ მას ძალაუფლება მიეცა.
7 ღამის ხილვებში მეოთხე მხეციც ვიხილე, საშინელი, საზარელი და მეტისმეტად ძლიერი. მას რკინის დიდი კბილები ჰქონდა და ნთქავდა და მუსრავდა ყველაფერს, ხოლო რაც რჩებოდა, ფეხით თელავდა.+ ის განსხვავდებოდა წინამორბედი მხეცებისგან. მას ათი რქა ჰქონდა.
8 რქებს რომ ვაკვირდებოდი, მათ შორის კიდევ ერთი, მომცრო რქა ამოვიდა,+ პირველი სამი რქა კი ამოვარდა. ამ რქის თვალები ადამიანის თვალებს ჰგავდა და მისი პირი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.+
9 დავინახე, რომ დაიდგა ტახტები და დაჯდა+ მარად არსებული*.+ მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო+ და თმა — მატყლივით სუფთა. მისი ტახტი ცეცხლის ალივით იყო, ტახტის ბორბლები კი — მოგიზგიზე ცეცხლივით.+
10 მის წინ ცეცხლის ნაკადი მიედინებოდა.+ ათასობით ათასი ემსახურებოდა და ათიათასობით ათი ათასი იდგა მის წინაშე.+ დაიწყო სასამართლო+ და გადაიშალა წიგნები.
11 თვალს არ ვაშორებდი ამ ყოველივეს, რადგან მესმოდა რქის ამპარტავნული ლაპარაკი;+ დავინახე, რომ მხეცი მოკლეს, შემუსრეს და დაწვეს;
12 სხვა მხეცებს+ კი წაერთვათ ძალაუფლება და სიცოცხლე დროითა და ვადით გაუხანგრძლივდათ.
13 აი, კიდევ რა ვნახე ღამის ხილვაში: ცის ღრუბლებით მოდიოდა ვიღაც, კაცის ძის+ მსგავსი. მას მარად არსებულთან+ მისვლის ნება მიეცა და ის მის წინაშე მიიყვანეს.
14 მას მიეცა ძალაუფლება,+ დიდება+ და სამეფო, რათა ყველანი — ხალხები, ერები და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრენი — მისი მსახურები ყოფილიყვნენ.+ მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ დასრულდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა.+
15 მე, დანიელი, ჩემმა ხილვებმა შემაშინა და სული ამიფორიაქა.+
16 ახლოს მივედი ერთ-ერთ იქ მდგომთან, რომ მეკითხა, თუ რას ნიშნავდა ეს ყოველივე, და მანაც ამიხსნა:
17 „ეს ოთხი უზარმაზარი მხეცი+ ოთხი მეფეა, რომლებიც დედამიწიდან წამოდგებიან,+
18 მაგრამ სამეფოს უზენაესის წმინდები+ მიიღებენ.+ ისინი ამ სამეფოში მარადიულად, სამარადისოდ იმეფებენ“.+
19 მსურდა, მეტი გამეგო მეოთხე მხეცის შესახებ, რომელიც დანარჩენებისგან განსხვავდებოდა, თავზარდამცემი იყო, რკინის კბილები და სპილენძის ბრჭყალები ჰქონდა, ყველაფერს ნთქავდა და მუსრავდა, ხოლო რაც რჩებოდა, ფეხით თელავდა,+
20 აგრეთვე იმ ათი რქის+ შესახებ, თავზე რომ ჰქონდა და იმ სხვა რქის შესახებ, რომელიც ამოვიდა და რომლის წინაც სამი რქა ამოვარდა,+ იმ რქის შესახებ, რომელსაც თვალები ჰქონდა, ამპარტავნულად ლაპარაკობდა და სხვებზე დიდი იყო.
21 ვხედავდი, რომ ეს რქა წმინდებს ებრძოდა და ჯაბნიდა;+
22 ბოლოს მოვიდა მარად არსებული+ და უზენაესის წმინდების+ სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი; დადგა წმინდათათვის სამეფოს გადაცემის დრო.+
23 აი, რა მითხრა მან: „მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფოა, რომელიც დედამიწაზე იქნება. ის სხვა სამეფოებისგან განსხვავებული იქნება. შთანთქავს მთელ დედამიწას, გათელავს და შემუსრავს.+
24 ათი რქა ათი მეფეა, რომლებიც ამ სამეფოდან აღდგებიან. მათ შემდეგ კიდევ ერთი აღდგება და ის წინამორბედთაგან განსხვავებული იქნება. ის სამ მეფეს დაამდაბლებს.+
25 იგი უზენაესის წინააღმდეგ ილაპარაკებს,+ განუწყვეტლივ შეავიწროებს უზენაესის წმინდებს და დროებისა და კანონის შეცვლას განიზრახავს. ისინი მის ხელში იქნებიან, ვიდრე არ გავა დრო, დროები და ნახევარი დრო*.+
26 შემდეგ დაიწყო სასამართლო და წაართვეს მას ძალაუფლება, რათა მოესპოთ და შეემუსრათ იგი.+
27 სამეფო, ძალაუფლება და ცისქვეშეთის სამეფოების სიდიადე ხალხს, უზენაესის წმინდებს, გადაეცათ.+ მათი სამეფო მარადიული სამეფოა;+ მათ მოემსახურება და დაემორჩილება ყველა მმართველობა“.
28 ეს არის ამ ამბის დასასრული. მე, დანიელი, ძლიერ შემაშფოთა ჩემმა ფიქრებმა და ფერი წამივიდა, მაგრამ გულში ჩავიმარხე ეს ყოველივე».
სქოლიოები
^ იგივე ლეოპარდი.
^ სიტყვასიტყვით — „დღეებით მრავალი“, „დღეებით ძველი“.
^ ანუ სამ-ნახევარი დრო.