პირველი წერილი კორინთელების მიმართ 1:1—31
1 პავლე, ქრისტე იესოს მოციქულად+ დანიშნული ღვთის ნებით, და ძმა სოსთენე
2 ღვთის კრებას კორინთში,+ თქვენ, ვინც ღმერთმა ქრისტე იესოსთან გაგაერთიანათ+ და ამგვარად განგწმინდათ, წმინდებად აგირჩიათ, აგრეთვე ყველას, ვინც უფალ იესო ქრისტეს სახელს+ უხმობს, რომელიც მათი უფალიც არის და ჩვენიც:
3 წყალობა და მშვიდობა არ მოგკლებოდეთ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან!
4 ყოველთვის ვმადლობ ღმერთს, რომ ქრისტე იესოს მეშვეობით წყალობა გამოიჩინა თქვენდამი;
5 ყოველმხრივ გამდიდრდით მასში — მოგეცათ ღვთის სიტყვის გაცხადებისა და მისი შემეცნების შესაძლებლობა,+
6 რადგან ქრისტეს შესახებ ნასწავლმა+ ღრმად გაიდგა ფესვი თქვენში,
7 რათა არ მოგაკლდეთ არანაირი ძღვენი, ვიდრე მოუთმენლად ელით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, გამოცხადებას.+
8 ღმერთი ბოლომდე განგამტკიცებთ, რათა ბრალდაუდებლები იყოთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მოსვლის დღეს.+
9 ერთგულია ღმერთი,+ რომელმაც მოგიწოდათ, რომ ერთობა გქონოდათ მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან.
10 ძმებო, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, სახელით შეგაგონებთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის,+ არამედ ერთნაირად აზროვნებდეთ და ერთი აზრი გქონდეთ,+
11 რადგან ქლოეს ოჯახისგან შევიტყვე, ძმებო, რომ უთანხმოება გაქვთ ერთმანეთში.
12 იმას ვგულისხმობ, რომ ამბობთ, მე პავლესი ვარ, მე — აპოლოსისა,+ მე — კეფასი*, მე კი — ქრისტესიო.
13 ნუთუ ქრისტე დაყოფილია?! ნუთუ პავლე გააკრეს თქვენი გულისთვის ძელზე ანდა პავლეს სახელით მოინათლეთ?!
14 მადლობა ღმერთს, რომ კრისპუსისა+ და გაიუსის+ გარდა, არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს,
15 ასე რომ, ვერავინ იტყვით, შენი სახელით მოვინათლეთო.
16 ჰო, სტეფანასის ოჯახიც მოვნათლე,+ მაგრამ არ მახსოვს, კიდევ მოვნათლე ვინმე თუ არა.
17 ქრისტემ მოსანათლავად კი არ გამომგზავნა, არამედ სასიხარულო ცნობის საუწყებლად,+ თუმცა არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუფასურებულიყო ქრისტეს წამების ძელი*.
18 წამების ძელზე* ლაპარაკი უგუნურებაა მათთვის, ვინც დაღუპვის გზას ადგას,+ მაგრამ ჩვენთვის, დახსნილთათვის, ღვთის ძალაა,+
19 რადგან დაწერილია: „ბრძენთა სიბრძნეს ბოლოს მოვუღებ და გონიერთა გონიერებას არაფრად ჩავაგდებ“.+
20 სად არიან ბრძენნი?! სად არიან მწიგნობარნი*?! სად არიან ამ ქვეყნიერების* მოაზროვნენი*?! განა ღმერთმა უგუნურებად არ აქცია ქვეყნიერების სიბრძნე?!
21 ღვთის სიბრძნე იმაში გამოვლინდა, რომ ქვეყნიერებამ თავისი სიბრძნით+ ვერ შეიცნო ღმერთი+ და ღმერთმა მოისურვა, „უგუნურების“+ ქადაგებით ეხსნა მორწმუნეები.
22 იუდეველები ნიშნებს ითხოვენ,+ ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,
23 ჩვენ კი ძელზე გაკრული ქრისტეს შესახებ ვქადაგებთ, რაც იუდეველებისთვის დაბრკოლებაა, უცხოტომელებისთვის — უგუნურება,+
24 მაგრამ მოწოდებულებისთვის, იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც, ქრისტე ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნეა,+
25 რადგან ღვთის „უგუნურება“ ადამიანურ სიბრძნეზე ბრძნულია და ღვთის „სისუსტე“ ადამიანურ სიძლიერეზე ძლიერი.+
26 თქვენ ხედავთ, ძმებო, ვის მოგიწოდათ ღმერთმა: ბევრი არა ხართ ხალხის თვალში ბრძენნი,+ ბევრი არა ხართ ძლიერნი და ბევრი არა ხართ დიდგვაროვანნი,+
27 მაგრამ ღმერთმა ქვეყნიერების თვალში უგუნურები ამოირჩია ბრძენთა შესარცხვენად და ქვეყნიერების თვალში სუსტები ამოირჩია ძლიერთა შესარცხვენად.+
28 ღმერთმა ქვეყნიერების თვალში უმნიშვნელონი, დამცირებულნი და არარსებულნი ამოირჩია, რათა ბოლო მოეღო არსებულთათვის,+
29 და ვერავის ეამაყა ღვთის წინაშე.
30 თქვენ ღვთის მეშვეობით ხართ გაერთიანებულნი ქრისტე იესოსთან; მან გაგვიმჟღავნა ღვთის სიბრძნე და სიმართლე,+ მისი მეშვეობით ვიწმინდებით+ და მისი გამოსასყიდით ვთავისუფლდებით,+
31 რათა იყოს ისე, როგორც დაწერილია: „ვინც ამაყობს, იეჰოვათი* იამაყოს“.+
სქოლიოები
^ იგივე პეტრე.
^ იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იგულისხმებიან კანონის მცოდნეები.
^ ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „მოკამათენი“.
^ იხ. დანართი ა5.