პეტრეს პირველი წერილი 4:1—19
4 ქრისტე ხორციელ სხეულში იტანჯა+ და თქვენც ასეთივე განწყობა უნდა გქონდეთ; ვინაიდან, ვინც ხორციელ სხეულში იტანჯება, ცოდვების ჩადენას წყვეტს,+
2 რათა ხორციელ სხეულში დარჩენილი დღეები ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებაში კი აღარ გალიოს,+ არამედ ღვთის ნების შესრულებაში.+
3 ისიც გეყოფათ, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ ეძლეოდით თავაშვებულობას*,+ ვნებებს, ლოთობას, ღრეობას, უზომო სმასა და საძულველ კერპთაყვანისმცემლობას.+
4 ისინი საგონებელში არიან ჩაცვენილნი, მხარს რომ აღარ უბამთ აღვირახსნილობაში, და გგმობენ,+
5 თუმცა პასუხს აგებენ მის წინაშე, ვინც ცოცხლებსა და მკვდრებს გაასამართლებს.+
6 მკვდრებსაც იმიტომ ეხარათ სასიხარულო ცნობა,+ რომ, თუმცა ადამიანები მათ ხორცის მიხედვით განსჯიან, ღვთის თვალში სულით იცოცხლონ.
7 მოახლოვდა ყველაფრის დასასრული. ამიტომ საღად იაზროვნეთ,+ სიფხიზლე შეინარჩუნეთ და გამუდმებით ილოცეთ.+
8 რაც მთავარია, მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი,+ რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს.+
9 იყავით სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე.+
10 თქვენ, როგორც ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგი მმართველები, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, რა ძღვენიც მიიღეთ.+
11 ვინც ლაპარაკობს, ისე ილაპარაკოს, როგორც ამას ღვთის სიტყვა მოითხოვს. ვინც მსახურობს, ღვთის ძალაზე დაიმედებულმა იმსახუროს,+ რათა ყოველმხრივ განდიდდეს ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით.+ მას ეკუთვნის დიდება და ძლევამოსილება მარადიულად! ამინ!
12 საყვარელნო, მძიმე განსაცდელები საგონებელში ნუ გაგდებთ+ და ნუ გგონიათ, რომ თქვენს თავს უცნაური რამ ხდება.
13 პირიქით, გიხაროდეთ,+ რადგან ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი ხართ,+ რათა მაშინაც გაიხაროთ, როცა მისი დიდება გამოცხადდება.+
14 თუ ქრისტეს სახელისთვის შეურაცხგყოფენ, ბედნიერები ხართ,+ რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული.
15 ნურცერთ თქვენგანს ნუ მოუწევს ტანჯვა როგორც ქურდს, მკვლელს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს,+
16 მაგრამ, თუ ქრისტიანობის გამო გიწევთ ტანჯვა, კი არ შეგრცხვეთ,+ არამედ როგორც ღვთის სახელის მატარებლებმა, კვლავაც განადიდეთ ღმერთი,
17 რადგან დადგა დანიშნული დრო, რომ დაიწყოს გასამართლება ღვთის სახლიდან.+ თუ ის ჯერ ჩვენგან იწყება,+ როგორი აღსასრული მოელით მათ, ვინც არ ემორჩილება ღვთის სასიხარულო ცნობას?!+
18 „და, თუ მართალიც ძლივს გადარჩება, უღვთოსა და ცოდვილს რაღა ეშველება?!“+
19 ასე რომ, ვისაც ღვთის ნების შესრულების გამო უწევს ტანჯვა, კვლავაც კარგი აკეთოს და ერთგულ შემოქმედს მიენდოს.+
სქოლიოები
^ ბერძნ. „ასელგია“. იხ. („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).