2. თავმდაბლობა
რა არის თავმდაბლობა?
თავმდაბალი ადამიანი სხვებს პატივისცემით ეპყრობა, ზემოდან არ უყურებს მათ და არც განსაკუთრებულ მოპყრობას ელის. ნაცვლად ამისა, ის გულწრფელად ინტერესდება სხვებით და მზად არის, მათგან ისწავლოს.
ზოგი თავმდაბლობას სისუსტედ მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ის სიძლიერის მაჩვენებელია, რადგან ეხმარება ადამიანს, დაინახოს საკუთარი ნაკლოვანებები და იცოდეს თავისი შესაძლებლობების ზღვარი.
რატომ არის კარგი თავმდაბლობის სწავლა?
-
კარგი ურთიერთობის საწინდარია. ერთ წიგნში ნათქვამია: „თავმდაბალი ადამიანები ადვილად უმეგობრდებიან სხვებს . . . და არ უჭირთ მათთან საერთო ენის გამონახვა“ (The Narcissism Epidemic).
-
კარგი მომავლის წინაპირობაა. თუ ბავშვს თავმდაბლობას ასწავლით, დღესაც წაადგება და მომავალშიც, მაგალითად, როცა სამუშაოს ძებნას დაიწყებს. ფსიქოლოგი ლეონარდ საქსი თავის წიგნში წერს: „თუ ახალგაზრდას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და ვერ აცნობიერებს თავის შეზღუდულ შესაძლებლობებს, გასაუბრების დროს დამსაქმებელზე კარგ შთაბეჭდილებას ვერ დატოვებს. მაგრამ, თუ ახალგაზრდას მართლა აინტერესებს, რას ელოდება მისგან დამსაქმებელი, დიდი ალბათობაა, რომ მას სამუშაოზე აიყვანენ“. *
როგორ ვასწავლოთ შვილს თავმდაბლობა?
დაეხმარეთ, საკუთარ თავზე გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდეს.
ბიბლიური პრინციპი: „თუკი ვინმეს თავი რამე ჰგონია, სინამდვილეში კი არაფერს წარმოადგენს, თავს იტყუებს“ (გალატელები 6:3).
-
ნუ შეუქმნით ილუზიებს. ისეთი ფრაზები, როგორიცაა „ყველა ოცნება აგისრულდება“ ან „რა მიზანიც არ უნდა დაისახო, ყველაფერს მიაღწევ“, შეიძლება დამაჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ხშირად ასე არ ხდება. თქვენი შვილი მაშინ უფრო იქნება წარმატებული, თუ რეალურ მიზნებს დაისახავს და მათ მისაღწევად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.
-
უთხარით, რისთვის აქებთ. როცა შვილს აქებთ, ყოველთვის დააკონკრეტეთ, რისთვის აქებთ, თორემ შეიძლება იფიქროს, რომ იდეალური ბავშვია.
-
ნუ დართავთ ნებას, დიდი დრო დაუთმოს სოციალურ მედიას. ხშირად სოციალურ მედიაში საკუთარი მიღწევებისა და შესაძლებლობების აფიშირება ხდება. ასე თქვენი შვილი ნამდვილად ვერ ისწავლის თავმდაბლობას.
-
ასწავლეთ, უმალვე მოიბოდიშოს. დაეხმარეთ შვილს, დაინახოს, რა შეცდომა დაუშვა, და აღიაროს.
გაუღვივეთ მადლიერების გრძნობა.
ბიბლიური პრინციპი: „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15).
-
გაუღვივეთ მადლიერება შემოქმედების მიმართ. ბავშვებს უნდა უყვარდეთ ბუნება და კარგად ესმოდეთ, რომ სწორედ ბუნებაშია ყველაფერი, რაც საარსებოდ გვჭირდება — ჰაერი, წყალი, საკვები. ესაუბრეთ შვილებს ბუნების საოცრებებზე, რომ მათით აღტაცებულებს მადლიერების გრძნობა გაუჩნდეთ.
-
ასწავლეთ ადამიანების დაფასება. დაანახვეთ შვილს, რომ სხვები მას რაღაცით აღემატებიან. ამიტომ კი არ უნდა შეშურდეს მათი უნარისა თუ შესაძლებლობების, არამედ უნდა ისწავლოს მათგან.
-
ასწავლეთ მადლიერების გამოხატვა. ასწავლეთ შვილს მადლობის თქმა; თუმცა ისიც დაანახვეთ, რომ მადლიერება მხოლოდ სიტყვით კი არ უნდა გამოხატოს, არამედ გულიდან უნდა მომდინარეობდეს. თუ თქვენი შვილი მადლიერი იქნება, შესაბამისად თავმდაბალიც გახდება.
ასწავლეთ, მოემსახუროს სხვებს.
ბიბლიური პრინციპი: „თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:3, 4).
-
დაავალეთ სახლის საქმეები. თუ ბავშვს სახლის საქმეებში არ ჩააბამთ, შეიძლება იფიქროს, რომ მას არ ეკადრება ასეთი საქმეების კეთება. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ ჯერ დავალებული საქმე გააკეთოს და მერე ითამაშოს. აუხსენით მას, რა სიკეთეს მოუტანს ეს სხვებს, რამდენად მადლიერები იქნებიან მისი და რამდენად დააფასებენ ასეთი შრომისთვის.
-
აუხსენით, რატომაა პატივი სხვების მომსახურება. როდესაც ბავშვი სხვებს ემსახურება, ეს მისი პიროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამიტომ წაახალისეთ შვილები, დაუკვირდნენ, ვის სჭირდება დახმარება. იმსჯელეთ მათთან, როგორ შეუძლიათ ამის გაკეთება. შეაქეთ და მხარში ამოუდექით, როცა სხვებს ეხმარებიან.
^ აბზ. 7 ამონარიდი წიგნიდან The Collapse of Parenting.