რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი
სწორი წარმოდგენა შეუქმენით შვილს სექსზე
პრობლემა
სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირველები ყოფილიყვნენ, რომლებიც სწორ წარმოდგენას შეუქმნიდნენ თავიანთ შვილებს სექსზე და შემდეგ, მათი ასაკისა და მოთხოვნილების გათვალისწინებით, ეტაპობრივად უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდიდნენ ამ საკითხზე.
მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა. ერთ წიგნში ნათქვამია: „ბოლო დროს საბავშვო გადაცემებში, ფილმებსა თუ ლიტერატურაში ხშირად კეთდება აქცენტი სექსზე, რის გამოც ბავშვებს სულ უფრო და უფრო ადრეული ასაკიდან მიუწვდებათ ხელი სექსუალური შინაარსის მასალაზე“ (The Lolita Effect). როგორ აისახება ეს ბავშვებზე — დადებითად თუ უარყოფითად?
რა უნდა იცოდეთ
სექსზე აშკარა მინიშნებებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. დებორა როფმანი თავის წიგნში წერს: „საუბრებში, რეკლამებში, ფილმებში, წიგნებში, სიმღერების ტექსტებში, ტელეგადაცემებში, სხვადასხვა წარწერებსა თუ თამაშებში გამუდმებით კეთდება მინიშნება სექსზე. გარდა ამისა, სარეკლამო დაფებზეც, მობილურებსა და კომპიუტერების ეკრანებზეც ხშირად ჩნდება თამამი სცენები და გამოსახულებები. ამის გამო ბევრმა [ახალგაზრდამ, მოზარდმა თუ პატარა ბავშვმაც კი] თავისუფლად შეიძლება დაასკვნას ან გაუაზრებლად მაინც მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ სექსის . . . გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია“ (Talk to Me First).
ნაწილობრივ ბრალი მარკეტოლოგებსაც მიუძღვით. სარეკლამო სააგენტოები ისეთ საბავშვო პროდუქციას უწევენ რეკლამას და მაღაზიებშიც ისეთი ტანსაცმელი იყიდება, რაც საკმაოდ გამომწვევია და ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უყალიბებს შეხედულებას, რომ გარეგნობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ წიგნში ნათქვამია: „მარკეტოლოგებმა კარგად იციან ბავშვების ფსიქოლოგია და ისიც კარგად უწყიან, რაოდენ ძლიერ სურთ ბავშვებს, თანატოლების თვალში მიმზიდველნი იყვნენ, ამიტომ ბოროტად სარგებლობენ ამით. თუმცა მარკეტოლოგების მთავარი მიზანი ბავშვებში სექსუალური სურვილების გაღვივება კი არა, თავიანთი პროდუქციის გაყიდვაა“ (So Sexy So Soon).
მარტო ცოდნა საკმარისი არ არის. ერთია, იცოდე, როგორ იმართება ავტომობილი, მაგრამ სულ სხვაა, კარგი მძღოლი იყო; იმავეს თქმა შეიძლება ზემოაღნიშნულ საკითხზეც. ერთია, სექსუალური ურთიერთობის შესახებ გარკვეულ ცოდნას ფლობდე, მაგრამ სულ სხვაა, ამ ცოდნის მართებულად გამოყენება შეგეძლოს.
გახსოვდეთ: დღეს, ისე როგორც არასდროს, თქვენს შვილებს „აღქმის უნარის“ გაწაფვა სჭირდებათ, რათა „კარგისა და ცუდის“ გარჩევა შეძლონ (ებრაელები 5:14).
გამოსავალი
დაინტერესდით. რაოდენ უხერხულიც არ უნდა იყოს შვილებთან ამ საკითხზე საუბარი, გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი პასუხისმგებლობაა (ბიბლიური პრინციპი: იგავები 22:6).
ნუ წაუკითხავთ ლექციას. იმის ნაცვლად, რომ თქვენი შვილი სპეციალურად დასვათ და სექსზე ლექცია წაუკითხოთ, კარგი იქნება, თუ ისარგებლებთ ხელსაყრელი მომენტით, მაგალითად მაშინ, როცა თქვენს შვილთან ერთად მანქანით სადმე მიდიხართ ან რაღაცას ერთად აკეთებთ, და სწორედ ამ დროს წამოიწყებთ ამ თემაზე საუბარს. შეეცადეთ, ისეთი კითხვები დაუსვათ, რომ გაუადვილდეს საკუთარი აზრის გამოთქმა. ნაცვლად იმისა, რომ გეკითხათ: „მოგწონს სექსუალური სურვილების აღმძვრელი რეკლამები?“, შეგიძლიათ ჰკითხოთ: „შენი აზრით, რატომ იყენებენ რეკლამის მწარმოებლები ამა თუ იმ პროდუქციის გასაყიდად ასეთ გამომწვევ სურათებს?“. მას შემდეგ, რაც გიპასუხებთ, შეგიძლიათ ჰკითხოთ: „შენ თვითონ რას ფიქრობ ამ საკითხზე?“ (ბიბლიური პრინციპი: კანონი 6:6, 7).
გაითვალისწინეთ ასაკი. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შეგიძლიათ ასწავლოთ სასქესო ორგანოების მართებული სახელები და აუხსნათ, როგორ დაიცვან თავი პედოფილებისგან. როცა წამოიზრდებიან, შეგიძლიათ ზოგადი წარმოდგენა შეუქმნათ, როგორ ხდება ბავშვის ჩასახვა; გარდატეხის ასაკში კი ბავშვს კარგად უნდა ესმოდეს, რა არის სქესობრივი ურთიერთობა და სწორი შეხედულება უნდა ჰქონდეს მასზე.
ჩაუნერგეთ სწორი ფასეულობები. შეეცადეთ, პატარაობიდანვე ჩაუნერგოთ თქვენს შვილს სწორი ფასეულობები და დაანახვოთ, რამდენად მნიშვნელოვანია პატიოსნება, უმწიკვლობა და ღირსეული საქციელი. და როდესაც ამ საკითხზე საუბრის დრო დადგება, თქვენ უკვე ამისთვის კარგი საფუძველი გექნებათ ჩაყრილი. ურიგო არ იქნება, თუ შვილს ნათლად დაანახვებთ თქვენს თვალსაზრისს. მაგალითად, თუ თქვენთვის მიუღებელია ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობა, აუცილებლად უთხარით ამის შესახებ და თან აუხსენით, რატომ არის ეს არასწორი და რა უარყოფითი შედეგები სდევს თან. ერთ წიგნში ნათქვამია: „ის მოზარდები, რომელთა მშობლებისთვისაც მიუღებელია, რომ მათ შვილებს მოზარდობის ასაკში ჰქონდეთ ვინმესთან სექსუალური ურთიერთობა, ნაკლები ალბათობაა, რომ ვინმეს სექსზე დასთანხმდნენ“ (Beyond the Big Talk).
თავად მიეცით კარგი მაგალითი. იცხოვრეთ იმ ფასეულობების თანახმად, რასაც შვილებს უნერგავთ. მაგალითად, იცინით უხამს ხუმრობებზე? იცვამთ გამომწვევად? ფლირტი ხომ არ გაქვთ ვინმესთან? თუ ბავშვს ზნეობრივ ფასეულობებს უნერგავთ, მაგრამ, ამავდროულად, საპირისპიროდ იქცევით, შეიძლება ფასი დაეკარგოს თქვენს სიტყვებს (ბიბლიური პრინციპი: რომაელები 2:21).
დადებით შუქში წარმოაჩინეთ. სქესობრივი ურთიერთობა ღვთის ძღვენია, რომელიც მან დაქორწინებულებს უბოძა; ასე რომ, მათ შეუძლიათ სიამოვნება მიიღონ ამ ურთიერთობით (იგავები 5:18, 19). უთხარით შვილებს, რომ შეიძლება მათ ცხოვრებაშიც დადგეს ისეთი დრო, როცა ამ ძღვნით ყოველგვარი სინდისის ქენჯნისა და სინანულის გარეშე დატკბებიან (1 ტიმოთე 1:18, 19).