ვინ შექმნა?
ზღვის ნიჟარების გასაოცარი კონსტრუქცია
მოლუსკები, რომლებიც ზღვებსა და ოკეანეებში ბინადრობენ, თავიანთი ჯავშანივით მტკიცე ნიჟარის წყალობით მკაცრ პირობებს და ზღვის ფსკერზე არსებულ წარმოუდგენლად მაღალ წნევას უძლებენ. ნიჟარის უნიკალური დაცვითი მექანიზმით აღფრთოვანებულმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, შეესწავლათ მათი ფორმა და სტრუქტურა, რათა შეექმნათ უსაფრთხო და მდგრადი კონსტრუქციის ავტომობილები და აეგოთ ასეთივე კონსტრუქციის შენობები.
დაფიქრდით: ინჟინრები დააკვირდნენ ორსაგდულიან და სპირალურ ნიჟარებს. როგორც ამ დაკვირვებამ აჩვენა, ორსაგდულიანი ნიჟარის ზედაპირზე განლაგებული ნეკნები ზეწოლის ძალას, ძირითადად, ნიჟარის საკეტისა და კიდეებისკენ მიმართავს, სპირალური ნიჟარის ხვეული ზედაპირი კი — ნიჟარის ცენტრალური ღერძისა და გაფართოებული ბოლოსკენ. ორივე ნიჟარის შემთხვევაში მათი მოყვანილობის დამსახურებაა, რომ ზეწოლის ძალა ნაწილდება ნიჟარის ყველაზე მყარ ნაწილებზე, რაც მისი დაზიანების დროს მოლუსკის მაქსიმალურად დაცვას უზრუნველყოფს.
მეცნიერებმა შედარების მიზნით ჩაატარეს დატვირთვის ტესტი ზღვის ნიჟარებსა და სამგანზომილებიანი პრინტერით დამზადებულ მარტივ პროტოტიპებზე, რომელთაც ნიჟარის მსგავსი ფორმა და აგებულება ჰქონდათ. შედეგად, რთული აგებულების ზედაპირის მქონე ნიჟარები თითქმის ორჯერ უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე მარტივი პროტოტიპები.
ერთ მეცნიერულ ჟურნალში აღინიშნა, როგორ შეიძლება ამ კვლევის შედეგების პრაქტიკაში დანერგვა: „თუ ერთ დღესაც ისეთი ავტომობილის საჭესთან აღმოჩნდებით, რომელსაც ნიჟარის ფორმა ექნება, ის არა მხოლოდ დახვეწილი დიზაინით მოგხიბლავთ, არამედ მასში თავს მაქსიმალურად დაცულად იგრძნობთ“ (Scientific American).
რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად აქვს ზღვის ნიჟარებს ასეთი გასაოცარი აგებულება, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?