არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ელიას ჰუტერის ბიბლიის შეუდარებელი თარგმანი

ელიას ჰუტერის ბიბლიის შეუდარებელი თარგმანი

წაგიკითხავთ ძველ ებრაულ ენაზე დაწერილი ბიბლია? ალბათ, არა. შესაძლოა არც კი გინახავთ ამ ენაზე შესრულებული ბიბლია. თუმცა მას შემდეგ, რაც გაეცნობით მე-16 საუკუნეში მოღვაწე სწავლულს, ელიას ჰუტერს და მის მიერ ებრაულ ენაზე გამოცემულ როგორც ებრაულ, ისე ბერძნულ წერილებს, შესაძლოა უფრო მეტად დააფასოთ თქვენს ხელთ არსებული ბიბლიის თარგმანი.

ელიას ჰუტერი 1553 წელს გერმანიის პატარა ქალაქ გერლიცში დაიბადა. დღესდღეობით ეს ქალაქი გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რომელიც პოლონეთსა და ჩეხეთს ესაზღვრება. ჰუტერი იენის ლუთერანულ უნივერსიტეტში აღმოსავლურ ენებს სწავლობდა. 24 წლის ასაკში ის უკვე პროფესორი იყო ჰებრაისტიკის დარგში და ლაიფციგის უნივერსიტეტში ასწავლიდა. მოგვიანებით ქალაქ ნიურნბერგში დააარსა სასწავლებელი, სადაც მოსწავლეებს შეეძლოთ 4 წელიწადში შეესწავლათ ებრაული, ბერძნული, ლათინური და გერმანული ენები. ამგვარად მან დიდი რეფორმა მოახდინა განათლების სფეროში. იმ პერიოდში სხვა სასწავლებლებსა თუ უნივერსიტეტებში ასეთ მოკლე დროში ამ ენების შესწავლა თითქმის შეუძლებელი იყო.

„ჩინებულად შესრულებული თარგმანი“

1587 წელს გამოცემული ჰუტერის ბიბლიის თავფურცელი

1587 წელს ჰუტერმა ებრაულ ენაზე გამოსცა ეგრეთ წოდებული ძველი აღთქმა, რომელსაც „დერექ ჰა კოდეში“ უწოდა. ეს ებრაული სიტყვები ესაიას 35:8-დანაა აღებული და ითარგმნება, როგორც „სიწმინდის გზა“. ამ ნაშრომით და მასში გამოყენებული ლამაზი შრიფტით მოხიბლულმა ერთმა მკითხველმა ასეთი სიტყვები თქვა: „ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ ეს არის ჩინებულად შესრულებული თარგმანი“. ბიბლიის ეს თარგმანი განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ სტუდენტებს უადვილებდა ებრაული ენის შესწავლას.

იმის გასაგებად, თუ რატომ იყო ჰუტერის ბიბლია ენის შესწავლის კარგი საშუალება, განვიხილოთ ორი ძირითადი სირთულე, რასაც ებრაული ენის შესწავლის მსურველები აწყდებოდნენ. პირველი სირთულე განსხვავებული ანბანი იყო (ებრაული მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება), მეორე კი — სიტყვის თავსართი და ბოლოსართი, რაც ართულებდა ფუძის განსაზღვრას. მაგალითად, ავიღოთ ებრაული სიტყვა „ნეფეშ“ (נפשׁ), რაც ნიშნავს „სულს“. ეზეკიელის 18:4-ში ამ სიტყვას დართული აქვს თავსართი „ჰა“ (ה), რაც ქმნის შედგენილ სიტყვას „ჰანეფეშ“ (הנפשׁ). ამიტომ, თუ მკითხველს თვალი არ ჰქონდა გაწაფული, შეიძლებოდა ეს უკანასკნელი სულ სხვა სიტყვად აღექვა.

თავის სტუდენტებს რომ დახმარებოდა, ჰუტერმა ეფექტურ ხერხს მიმართა. მის ბიბლიაში ზოგი ებრაული ასო მუქი შრიფტით იყო დაბეჭდილი, ზოგიც — ღია შრიფტით. ყველა ებრაული სიტყვის ფუძე მუქად ეწერა, ხოლო თავსართი და ბოლოსართი შედარებით ღიად. ეს მარტივი ხერხი მოსწავლეებს ეხმარებოდა, ადვილად განესაზღვრათ ებრაული სიტყვის ფუძე, რაც, თავის მხრივ, მათ ენის შესწავლას უადვილებდა. დაახლოებით იგივე მეთოდითაა შედგენილი სქოლიოები „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სქოლიოებიან გამოცემაში (ინგლ.). * ამ გამოცემის სქოლიოებში ნათარგმნი სიტყვის ფუძე მოცემულია მუქი შრიფტით, თავსართი და ბოლოსართი კი — ჩვეულებრივი შრიფტით. სურათებზე ნაჩვენებია ეზეკიელის მე-18 თავის მე-4 მუხლი და სქოლიოებიანი ბიბლიის სქოლიო, რომელიც ამავე მუხლს აქვს დართული. აქ ვხედავთ, თუ როგორი შრიფტით იყო დაბეჭდილი ჰუტერის ებრაული ბიბლია და სქოლიოებიანი ბიბლიის სქოლიოები.

„ახალი აღთქმის“ ებრაული თარგმანი

ჰუტერმა 1599 წელს გამოსცა „ახალი აღთქმა“, რომელშიც ტექსტი 12 ენაზე იყო მოცემული. ამ თარგმანს „ნიურნბერგის პოლიგლოტი“ ეწოდა. მას სურდა, ამ გამოცემაში „ახალი აღთქმის“ ებრაულ ენაზე ნათარგმნი ტექსტიც შესულიყო. მაგრამ, როგორც ჰუტერმა თქვა, მთელი ქონებაც რომ გაეღო ამისთვის, ბერძნული წერილების ებრაულ თარგმანს მაინც ვერ მოიძიებდა. * ამიტომ გადაწყვიტა, თავად ეთარგმნა ის. მან ყველა საქმე გვერდზე გადადო და ბერძნული წერილების ებრაულ ენაზე თარგმნა ერთ წელიწადში დაასრულა!

მე-19 საუკუნეში მოღვაწე გამოჩენილმა ებრაელმა სწავლულმა ფრანც დელიჩმა ჰუტერის მიერ ნათარგმნი „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ასე შეაფასა: „მისი თარგმანიდან გამოჩნდა, რომ ის შესანიშნავად ფლობდა ებრაულს. იშვიათად, რომ ქრისტიანმა ასე კარგად იცოდეს ეს ენა. [ჰუტერის] თარგმანი დღემდე გამოსადეგია, რადგან კარგად აქვს შერჩეული სიტყვები აზრის გადმოსაცემად“.

დღემდე ფასეული

ჰუტერისთვის თავის ნაშრომს მოგება არ მოუტანია. როგორც ჩანს, მისი თარგმანები მცირე ტირაჟით გამოიცა. მიუხედავად ამისა, მის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. მაგალითად, მის მიერ შესრულებული ბერძნული წერილების ებრაული თარგმანი უილიამ რობერტსონმა გადაამუშავა და ხელახლა დაბეჭდა 1661 წელს, ხოლო რიჩარდ კედიკმა — 1798 წელს. ბერძნული წერილების თარგმნისას ჰუტერმა, ბევრი მთარგმნელისგან განსხვავებით, იმ მუხლებში, სადაც ციტატა ებრაული წერილებიდან იყო მოყვანილი ან, მისი აზრით, წოდებები „კირიოს“ (უფალი) და „თეოს“ (ღმერთი) იეჰოვას ეკუთვნოდა, ღვთის სახელი „იეჰოვა“ (יהוה, იჰვჰ) მოიხსენია. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ღვთის სახელი „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ სხვა თარგმანებშიც უნდა იყოს მოხსენიებული.

ასე რომ, როცა „ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში“ ღვთის სახელს, იეჰოვას, შეხვდებით, გაიხსენეთ ელიას ჰუტერის ღვაწლი და მისი ჩინებული თარგმანი.

^ აბზ. 7 „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სქოლიოებიან გამოცემაში იხილეთ ეზეკიელის 18:4-თან დართული მეორე სქოლიო და დანართი 3 ბ.

^ აბზ. 9 როგორც ჩანს, სწავლულებს ბერძნული წერილები ებრაულ ენაზე მანამდე უკვე ჰქონდათ ნათარგმნი. მათ შორის იყვნენ ბიზანტიელი ბერი სიმონ ატუმანოსი, რომელმაც „ახალი აღთქმა“, სავარაუდოდ, 1360 წელს თარგმნა, და გერმანელი სწავლული ოსვალდ შრეკენფუქსი, რომელმაც დაახლოებით 1565 წელს თარგმნა ბერძნული წერილები. მათი თარგმანები არასდროს გამოცემულა და ამჟამად დაკარგულად ითვლება.