ვინ შექმნა?
სინათლის მშთანთქმელი პეპლის ფრთები
ადამიანი ნაკლებად რომ გახდეს დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე, მეცნიერები ცდილობენ, გააუმჯობესონ მზის კოლექტორებში სინათლის შეგროვების ხარისხი. „ამ პრობლემიდან გამოსავალი შესაძლოა . . . პირდაპირ ჩვენ თვალწინ დაფარფატებდეს“, — აღნიშნა ერთმა მეცნიერმა.
დაფიქრდით: ცივ ამინდში პეპელამ სითბო რომ შეინარჩუნოს, ფრთებს შლის და მზეს ეფიცხება. ზოგი სახეობის მერცხალკუდას ფრთები განსაკუთრებით ეფექტურად იწოვს მზის სხივებს. ამ მწერების საიდუმლო მხოლოდ ფრთების მუქ პიგმენტებში კი არ იმალება, არამედ ერთმანეთზე ნაწილობრივ გადაფარებულ პაწაწინა ქერცლებში, რომლებითაც დაფარულია ფრთები. თავის მხრივ, ქერცლები შედგება ფიჭისმაგვარი ღრმულებისგან შემდგარი მწკრივებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ამობრუნებული V ფორმის თხემებით, რომელთა გავლითაც სინათლე ღრმულებამდე აღწევს. ეს საოცრად გონივრული სტრუქტურა, ასე ვთქვათ, აკავებს შემავალ მზის სხივებს, რაც პეპელას სითბოს უნარჩუნებს და მის ფრთებს განსაკუთრებულ სიშავეს სძენს.
„პეპლის ფრთას შეიძლება ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე ნატიფი კონსტრუქცია ვუწოდოთ, თუმცა მკვლევრებისთვის ის დიდ შთაგონების წყაროს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიის შესაქმნელად, რომლებიც გააორმაგებს წყალბადის — ეკოლოგიურად სუფთა საწვავის — წარმოქმნას წყლისა და მზის სხივებისგან“, — ნათქვამია „საიენს დეილში“. ვარაუდობენ, რომ მისი გამოყენება ოპტიკურ ხელსაწყოებსა და მზის ბატარეებშიც გახდება შესაძლებელი.
რას ფიქრობთ? ევოლუციის გზით განუვითარდა პეპელას სინათლის შთამნთქმელი ფრთები, თუ ის ღმერთმა შექმნა?