რჩევები ოჯახებს | ახალგაზრდები
როგორ შეგიძლია ბრაზის დაოკება?
პრობლემა
„ჩემს დას ვუყვირე და კარი ისეთი ძალით გავიქნიე, რომ მასზე მიმაგრებული საკიდი კედელს შეესო. დაზიანებული კედელი გამუდმებით შემახსენებდა, რა ბავშვურად მოვიქეცი“ (დიანა). *
„მამას ყვირილით ვუთხარი, შენზე საშინელი მამა არ არსებობს-მეთქი და კარი ცხვირწინ მივუჯახუნე. სანამ კარი დაიკეტებოდა წამიერად თვალი მოვკარი მის გაოგნებულ და დამწუხრებულ სახეს. მაშინვე ვინანე, ნეტა ენაზე კბილი დამეჭირა-მეთქი“ (ლორენი).
საკუთარი თავი ხომ არ გაგახსენდა? თუ ასეა, ეს სტატია დიდად წაგადგება.
რა უნდა იცოდე
ფეთქებადი ხასიათი რეპუტაციას შეგილახავს. «ადრე ვფიქრობდი, რომ სხვებს ისეთი უნდა მივეღე, როგორიც ვიყავი. მოგვიანებით შევამჩნიე, რა სულელებივით გამოიყურებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც თავს ვერ აკონტროლებდნენ და ვთქვი: „აი, თურმე როგორი ვჩანვარ სხვების თვალში“» (21 წლის ბრაიანა).
ბიბლია ამბობს: „ვინც სწრაფად რისხდება, უგუნურებას ჩაიდენს“ (იგავები 14:17).
თუ ფიცხი ხარ, შეიძლება სხვებს შენთან ურთიერთობის სურვილი დაეკარგოს. 18 წლის დანიელი ამბობს: „როცა მდგომარეობიდან გამოდიხარ, სხვების თვალში ღირსებას და პატივისცემას კარგავ“. ამ აზრს 18 წლის ელინიც იზიარებს: „ცუდი ხასიათით ვერავის მიიზიდავ. პირიქით, ამით ხალხს დააფრთხობ“.
ბიბლია ამბობს: „ნუ იმეგობრებ მასთან, ვინც ადვილად რისხდება, და ფიცხ კაცთან ნუ დაიჭერ საქმეს“ (იგავები 22:24).
ხასიათის შეცვლა შესაძლებელია. „ყოველთვის ვერ გააკონტროლებ, როგორ იმოქმედებს ესა თუ ის სიტუაცია შენს გრძნობებზე, მაგრამ შენი რეაქციის გაკონტროლება ნამდვილად შეგიძლია. აფეთქება გამოსავალი არ არის“, — ამბობს 15 წლის სარა.
ბიბლია ამბობს: „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია, თავშეკავებული — ქალაქის დამპყრობს“ (იგავები 16:32).
რის გაკეთება შეგიძლია
დაისახე მიზანი. ნუ იტყვი: „ასეთი ვარ და რა ვქნა?!“. ნაცვლად ამისა, მიზნად დაისახე, ხასიათი შეიცვალო და საამისოდ კონკრეტული დრო დანიშნე, მაგალითად ექვსი თვე. ამ დროის განმავლობაში აწარმოე ჩანაწერები, თუ რა მხრივ მიაღწიე წარმატებას. ყოველთვის, როცა მდგომარეობიდან გამოხვალ, დაწერე 1) რა მოხდა, 2) როგორი იყო შენი რეაქცია და 3) როგორი მოქცევა იქნებოდა უკეთესი და რატომ. სხვა დროს ეცადე, ისე მოიქცე, როგორც უკეთესი იქნებოდა. რჩევა: არც იმის აღნიშვნა დაგავიწყდეს, რაც კარგად გამოგივიდა. დაწერე, თავშეკავების გამოვლენით რამდენად კარგად იგრძენი თავი (ბიბლიური პრინციპი: კოლოსელები 3:8).
ცოტა მოიცადე. როდესაც ვიღაცა ან რაღაცა გაღიზიანებს, მაშინვე ნუ იტყვი ყველაფერს, რაც ენაზე მოგადგება. ცოტა მოიცადე და ღრმად ისუნთქე. 15 წლის ერიკი ამბობს: „როცა გაბრაზებულ გულზე ჩავისუნთქავ ხოლმე, საშუალება მეძლევა, დავფიქრდე სანამ რამეს ვიტყვი ან გავაკეთებ, რომ მოგვიანებით სანანებელი არ გამიხდეს“ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 21:23).
სიტუაციას სხვა კუთხითაც შეხედე. ზოგჯერ იმიტომ ბრაზდები, რომ საკითხის მხოლოდ იმ მხარეს ხედავ, რაც შენ გაღიზიანებს. ეცადე, სიტუაციას სხვა კუთხითაც შეხედო. ჯესიკა ამბობს: „მაშინაც კი, როცა ადამიანი ძალიან უხეშია, რაღაც ახსნა მოეძებნება მის საქციელს; ეს კი მეხმარება ცოტათი მაინც შევიდე მის მდგომარეობაში“ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 19:11).
თუ აუცილებელია, გაეცალე იქაურობას. ბიბლია ამბობს: „სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას“ (იგავები 17:14). როგორც ამ მუხლიდან ვხედავთ, ზოგჯერ უკეთესია, ადგე და გაეცალო დაძაბულ სიტუაციას. ნუ გააგრძელებ ფიქრს შექმნილ ვითარებაზე, ეს უფრო მეტად გაგაღიზიანებს. უბრალოდ სხვა საქმით დაკავდი. „აღმოვაჩინე, რომ ვარჯიში სტრესს მიხსნის და თავშეკავების გამოვლენაში მეხმარება“, — ამბობს ახალგაზრდა ქალი, დანიელა.
ეცადე, ყურადღება არ მიაქციო. ბიბლია ამბობს: „თუ აღშფოთდებით, ნუ შესცოდავთ. გულში თქვით . . . და ჩუმად იყავით“ (ფსალმუნი 4:4). ყურადღება მიაქციეთ, რომ აღშფოთებაში ცუდი არაფერია. მაგრამ საკითხავი ის არის, რა მოხდება შემდგომ. „თუ დაუშვებ, რომ სხვებმა მდგომარეობიდან გამოგიყვანონ, გამოდის, რომ მათ შენი მართვა შეუძლიათ. კარგი იქნება, თუ მოწიფულობას გამოავლენ და ყველა წვრილმანს არ გამოეკიდები“, — ამბობს ახალგაზრდა რიჩარდი. ასე შეძლებ ბრაზის დაოკებას და სხვებს არ მისცემ შენი მართვის უფლებას.
^ აბზ. 4 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.