ᲠᲐᲡ ᲮᲛᲐᲠᲓᲔᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲨᲔᲡᲐᲬᲘᲠᲐᲕᲔᲑᲘ?
„იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“ – კადრს მიღმა
1 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
იეჰოვას მოწმეებისთვის წლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა ფილმის „იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“ პირველი სერიის გამოსვლა იყო, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა. წინ კიდევ 17 სერია გველის. ალბათ გაინტერესებთ, რა ხდება კადრს მიღმა და პირადად თქვენ რა წვლილი შეგაქვთ ამ მასშტაბურ პროექტში. მოდი გავიგოთ.
მსახიობებზე და გადამღებ ჯგუფზე ზრუნვა
ფილმის გადაღება, ძირითადად, ავსტრალაზიის ფილიალის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. თითოეული სცენის გადაღების პროცესში დაახლოებით 50–80 ადამიანი მონაწილეობს. a გადამღები ჯგუფისა და მსახიობების კვებაზე მოხალისეები ზრუნავენ. ისინი ამზადებენ სადილს და ვახშამს, შუალედში კი წასახემსებლებს. მენიუ წინასწარ არის შედგენილი. ესთერი, რომელიც მოხალისეების კვებაზე ზრუნავს, ამბობს: „პროდუქტებს სხვადასხვა მომწოდებლისგან ვიღებთ. შესაბამისად, მაღალი ხარისხის პროდუქტს კარგ ფასში ვყიდულობთ. მენიუც ისე გვაქვს შედგენილი, რომ საკვები არ გაგვიფუჭდეს“. შედეგად, ერთი ადამიანის გამოკვება დღეში 4 აშშ დოლარი ჯდება.
ავსტრალიისთვის დამახასიათებელია მწველი მზე და მაღალი ულტრაიისფერი გამოსხივება. ამიტომ მსახიობები და გადამღები ჯგუფი რომ არ დაისიცხონ, მოხალისეები აწყობენ კარვებს და მოსასვენებელ სივრცეებს. გარდა ამისა, მსახიობებისა და გადამღები ჯგუფისთვის ხელმისაწვდომია მზისგან დამცავი კრემები, ქოლგები და სასმელი წყალი. კევინი, რომელიც გადამღები ჯგუფის წევრია, ამბობს: „მათი უმეტესობა, ვინც ამ პროექტზე გვეხმარება, ბეთელში მოხალისედ მსახურობს. ისინი ყველა დავალებას თავმდაბლად და სიხარულით ასრულებენ. მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა“.
გადაღება ღია სივრცეში
ზოგიერთი სცენა უფრო რეალისტური რომ იყოს, გადაღებები ბეთელის გარეთ გვიწევს. ასეთ დროს კადრების გადასაღებად ღია სივრცეს ვიყენებთ. ბიბლიური სცენების გასაცოცხლებლად გადამღებ ჯგუფს ისეთ დაშორებულ ადგილებში უწევს წასვლა, სადაც არ არის გზები და ელექტროგაყვანილობა. აგრეთვე, საჭიროა მსახიობების კოსტიუმების, ინვენტარის და აღჭურვილობის ტრანსპორტირება და მათი უსაფრთხოდ შენახვა. გადაღების დაწყებამდე გადამღები ჯგუფის ზედამხედველი ამოწმებს, გამართულია თუ არა გენერატორები, არის თუ არა საკმარისი სასმელი წყალი და მოწყობილია თუ არა საპირფარეშოები. თუ გადაღებები რამდენიმე დღეს გაგრძელდა, მსახიობები და გადამღები ჯგუფი ღამეს ადგილობრივ მოწმეებთან, მისაბმელ ფურგონებში, სასტუმროებსა თუ კოტეჯებში ათევენ.
ღია სივრცეში გადაღება დიდ ხარჯებს, დროსა და ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამიტომ 2023 წელს ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით შევიძინეთ 2 500 000 აშშ დოლარის ღირებულების ეკრანი ვირტუალური სტუდიის მოსაწყობად. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით იქმნება მაღალი გარჩევადობის ვირტუალური ფონი, რომელიც განათების მეშვეობით ისეთ ეფექტს ქმნის, რომ თითქოს გადაღება ღია სივრცეში მიმდინარეობს. ასე ხარჯების შემცირება ხდება. ავსტრალაზიის ფილიალის კომიტეტის წევრი დარენი ამბობს: „ვირტუალურ სტუდიაში მსახიობები ნაკლებად იღლებიან და ერთი და იგივე კადრი შეგვიძლია ბევრჯერ გადავიღოთ. მაგალითად, მზის ჩასვლის კადრის დასაფიქსირებლად ღია სივრცეში მხოლოდ რამდენიმე წუთი გვაქვს. მაგრამ ვირტუალური სტუდია შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მზის ჩასვლის კადრი იმდენჯერ გადავიღოთ, რამდენჯერაც დაგვჭირდება სასურველი შედეგის მისაღებად“.
„ეს მსხვერპლი ამად ნამდვილად ღირდა“
თითოეული სერიის გადასაღებად ასობით მსახიობი და კიდევ უფრო მეტი მოხალისეა საჭირო. გაინტერესებთ მათი შთაბეჭდილებები?
ამბერს, რომელიც მელბურნში ცხოვრობს, 700 კილომეტრზე მეტის გავლა მოუწია ამ პროექტში მონაწილეობისთვის. ის ამბობს: „აეროპორტში ჩამოსვლისთანავე თანაქრისტიანებისგან უდიდესი მზრუნველობა ვიგრძენი. ზოგი ბეთელელი სადილზე მეპატიჟებოდა, ზოგი კი ჩაიზე. გადასაღებ მოედანზეც ყველანი მეგობრულად მექცეოდნენ და თავს თავისუფლად მაგრძნობინებდნენ. ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. ეს მსხვერპლი ამად ნამდვილად ღირდა“.
დერეკი, რომელიც ტექნიკურ ჯგუფს ეხმარება, თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: „ამ პროექტში არაერთი განყოფილება იყო ჩართული. მიხარია, რომ მათთან ვითანამშრომლე, ვინც ამ საქმისთვის დრო, სახსრები და ენერგია გაიღო. ისინი სიკეთით, გულმოდგინებითა და მზადყოფნის სულით გამოირჩევიან. ყველანი აშკარად ვხედავთ იეჰოვას მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, იეჰოვასთვის მხოლოდ შედეგი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ისიც, თუ როგორ ვაკეთებთ ამ საქმეს“.
ამ ფილმის გადაღებისთვის საჭირო ხარჯები თქვენი შესაწირავებით იფარება, მათ შორის ვებსაიტზე donate.pr2711.com გაღებული შესაწირავებით. დიდ მადლობას გიხდით თქვენი გულუხვობისთვის!
a ავსტრალაზიის ფილიალი სამქადაგებლო საქმეს არაერთ ქვეყანაში უწევს ხელმძღვანელობას, მათ შორის ავსტრალიაში და წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებსა თუ ტერიტორიებზე. ფილიალი განთავსებულია სიდნეიში (ავსტრალია).