კითხვა 9
სარწმუნოა ევოლუციის თეორია?
როგორ მოიქცეოდი?
წარმოიდგინე, რომ ერთი ახალგაზრდა, პირობითად ალეკო, ცოტა არ იყოს, დაბნეულია. მას ბავშვობიდან ასწავლიან, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო. მაგრამ დღეს გაკვეთილზე ბიოლოგიის მასწავლებელი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ევოლუციის თეორიას წყალი არ გაუვა, რადგან სარწმუნო მეცნიერულ გამოკვლევებზეა დაფუძნებული. ალეკოს არ სურს, სხვების თვალში სულელი გამოჩნდეს. იგი თავისთვის ფიქრობს: „თუ ევოლუციის თეორიის უტყუარობა მეცნიერულადაა დასაბუთებული, მე რატომ უნდა დავაყენო ის ეჭვქვეშ?“.
ალეკოს ადგილას რომ ყოფილიყავი, დაიჯერებდი ევოლუციის თეორიას მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლაში ასე გასწავლიან?
შეჩერდი და დაფიქრდი!
ასეთ სერიოზულ თემებზე კამათის დროს დაპირისპირებული მხარეები ისე გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებას, რომ არც კი უფიქრდებიან, რა უდევს მათ მოსაზრებას საფუძვლად.
-
ზოგს შემოქმედების მხოლოდ იმიტომ სჯერა, რომ ეკლესიაში ასწავლეს ასე.
-
ზოგი კი ევოლუციის თეორიას მხოლოდ იმიტომ იჯერებს, რომ სკოლაში ასწავლეს ასე.
კითხვები, რომლებზეც ღირს დაფიქრება
ბიბლიაში ნათქვამია: „ყველა სახლი ვიღაცის აშენებულია, ყველაფრის ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრაელები 3:4). გონივრულია, ამის გვჯეროდეს?
მოსაზრება: სამყაროში ყველაფერი შემთხვევით, დიდი აფეთქების შედეგად გაჩნდა.
1. ვინ ან რამ გამოიწვია ეს აფეთქება?
2. რა უფრო ლოგიკურია შენთვის: ის, რომ არაფრისგან წარმოიშვა ყველაფერი, თუ ის, რომ ეს ყველაფერი შემოქმედმა შექმნა?
მოსაზრება: ადამიანები ცხოველებისგან წარმოიშვნენ.
3. თუ ადამიანები ცხოველებისგან წარმოიშვნენ, მაგალითად მაიმუნებისგან, რატომ არის ამხელა სხვაობა ჩვენსა და მათ გონებრივ შესაძლებლობებს შორის?
4. რატომ არის სიცოცხლის, ერთი შეხედვით, უმარტივესი ფორმებიც კი საოცრად რთული აგებულების?
მოსაზრება: ევოლუციის თეორია მეცნიერულად დასაბუთებულია.
5. ვინც ამ თეორიას ემხრობა, თავად თუ აქვს ყველაფერი საფუძვლიანად გამოკვლეული?
6. ბევრს იმიტომ ხომ არ სწამს ევოლუციის, რომ დააჯერეს, თითქოს ყველა მოაზროვნე ადამიანი ამ თეორიას ემხრობა?
„დავუშვათ, ტყეში მიდიხარ და უცებ ხის ლამაზი სახლი დაინახე. იფიქრებდი, რომ რამდენიმე ხე სწორედ ამ ადგილას წაიქცა და ისე დალაგდა, რომ საბოლოოდ სახლი გამოვიდა? რა თქმა უნდა, არა, რადგან ეს ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. მაშინ როგორღა უნდა დავიჯეროთ ის, რომ ყველაფერი სამყაროში თავისით გაჩნდა?!“ (ჯულია).
„წარმოიდგინე, რომ სტამბაში საბეჭდი დანადგარი აფეთქდა, მთელი საღებავი კედლებსა და ჭერს მიესხა და ერთი დიდი ლექსიკონის ტექსტი დაიწერა. დაიჯერებდი ასეთ აბსურდულ რამეს?“ (გვენი).
რატომ უნდა გვწამდეს ღმერთი?
ბიბლია მოგვიწოდებს, რომ საღ აზრს მოვუხმოთ (რომაელები 12:1). ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა იწამო, რომ . . .
-
ემოციებს აჰყევი (ფიქრობ, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალა).
-
სხვების გავლენაში მოექეცი (შენ ირგვლივ ყველა რელიგიურია).
-
გაიძულეს (მშობლებმა ასე აღგზარდეს და სხვა გზა არ გქონდა).
ღვთისადმი რწმენა მტკიცე საფუძველს უნდა ემყარებოდეს.
„როცა მასწავლებელი გვიხსნის, როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ორგანიზმი, უფრო ვრწმუნდები ღვთის არსებობაში. სხეულის უმცირეს ნაწილსაც კი თავისი დანიშნულება აქვს და ხშირად ვერც კი ვხვდებით, ისე ასრულებს თავის ფუნქციას. ადამიანის სხეული მართლაც რომ წარმოუდგენლად რთული აგებულებისაა!“ (ტერეზა).
«როდესაც მაღალსართულიან შენობას, გემს ან მანქანას ვაკვირდები, საკუთარ თავს ვეკითხები: „ვისი ნახელავია ეს?“ მაგალითად, მანქანის აწყობას საკმაოდ დიდი გონიერება სჭირდება, რადგან ის ბევრი პატარ-პატარა ნაწილისგან შედგება, რომლებიც ურთიერთშეთანხმებულად მუშაობენ. თუკი მანქანა ვერ აეწყობოდა თავისით, მით უმეტეს სიცოცხლე ვერ გაჩნდებოდა შემოქმედის გარეშე» (რიჩარდი).
„რაც უფრო მეტად ვიკვლევდი მეცნიერულ საკითხებს, მით უფრო ნაკლებად სარწმუნო მეჩვენებოდა ევოლუციის თეორია . . . ჩემი აზრით, ევოლუციის თეორიის დაჯერებას უფრო დიდი რწმენა სჭირდება, ვიდრე იმას, რომ შემოქმედი ირწმუნო“ (ენტონი).
დაფიქრდი
მეცნიერები უკვე წლებია, რაც კვლევებს ატარებენ, მაგრამ მაინც ვერ მივიდნენ ერთ აზრამდე და სრულფასოვნად ვერ ჩამოაყალიბეს ევოლუციის თეორია. თუკი მეცნიერები ვერ თანხმდებიან ამ საკითხზე, მაშინ შენ რატომ უნდა დაიჯერო ბრმად ევოლუციის თეორია?