ნაწილი 2
უერთგულეთ ერთმანეთს
„ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მარკოზი 10:9).
იეჰოვა ღმერთი ჩვენგან მეუღლის ერთგულებას მოელის (მალაქია 2:16). ქორწინებაში ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთგულების გარეშე ნდობა არ არსებობს. თავის მხრივ, ნდობის გარეშე სიყვარული ვერ გაღრმავდება.
დღესდღეობით ცოლქმრულ ერთგულებას ბევრი რამ უქმნის საფრთხეს. თქვენს ქორწინებას ბზარი რომ არ გაუჩნდეს, ორი რამის გათვალისწინება გმართებთ.
1. ოჯახი პირველ ადგილზე დააყენეთ
ბიბლიის თვალსაზრისი: განსაზღვრეთ, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10). ოჯახს ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს.
იეჰოვა ღმერთს სურს, რომ თქვენს მეორე ნახევართან ერთად გაიხაროთ ცხოვრებით (ეკლესიასტე 9:9). ღვთის სიტყვიდან ნათლად ჩანს, რომ მეუღლეს სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოთ და ყველაფერი გააკეთოთ მისი ბედნიერებისთვის (1 კორინთელები 10:24). აგრძნობინეთ მას, რომ გჭირდებათ და აფასებთ.
როგორ უნდა მოიქცეთ:
-
ერთად გაატარეთ დრო; შეეცადეთ, რომ ურთიერთობისთვის გამოყოფილ დროს ყურადღება სხვა რამეზე არ გადაიტანოთ.
-
სიტყვა „მე“ ჩაანაცვლეთ სიტყვით „ჩვენ“.
2. გაუფრთხილდით გულს
ბიბლიის თვალსაზრისი: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან გულში“ (მათე 5:28). თუ ერთ-ერთი მეუღლე გონებას უზნეო ფიქრებით კვებავს, შეიძლება ითქვას, რომ ეს ღალატის ტოლფასია.
იეჰოვა მოგვიწოდებს: „გულს გაუფრთხილდი“ (იგავები 4:23; იერემია 17:9). ეს რჩევა რომ გავითვალისწინოთ, უნდა ვაკონტროლოთ, რას ვუყურებთ (მათე 5:29, 30). ჩვენ უნდა მივბაძოთ ღვთის ერთგულ მსახურ იობს, რომელმაც პირობა დადო, რომ ქალს გულისთქმით არ შეხედავდა (იობი 31:1). თავი შორს დაიჭირეთ პორნოგრაფიისგან. ნუ განივითარებთ რომანტიკულ გრძნობებს სხვის მიმართ.
როგორ უნდა მოიქცეთ:
-
თქვენი საქციელიდან უნდა ჩანდეს, რომ მეუღლის ერთგული ხართ და სხვისკენ არ გაგირბით თვალი.
-
გაითვალისწინეთ მეუღლის გრძნობები და დაუყოვნებლივ დაუსვით წერტილი ნებისმიერ ურთიერთობას, რამაც შესაძლოა თქვენს მეორე ნახევარს თავი ცუდად აგრძნობინოს.