ახალგაზრდების შეკითხვები
უნდა მოვინათლო? — ნაწილი 2: ნათლობისთვის მომზადება
თუ ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობ და ღმერთთან პირად ურთიერთობას ავითარებ, ბუნებრივია, რომ მონათვლაზეც იფიქრო. როგორ უნდა გაიგო, მზად ხარ თუ არა ნათლობისთვის? a
ამ სტატიაში პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს:
რამდენად კარგად უნდა ვიცოდე ბიბლია?
ნათლობისთვის მომზადებაში არ იგულისხმება მასალის დაზეპირება, როგორც სკოლის გამოცდებისთვის მომზადების დროს ხდება ხოლმე. თუმცა საჭიროა, გააზრებული გქონდეს, რომ, რასაც ბიბლია ასწავლის, ჭეშმარიტებაა (რომაელები 12:1). მაგალითად:
გჯერა, რომ ღმერთი არსებობს და ის იმსახურებს შენს თაყვანისცემას?
ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვისაც ღმერთთან დაახლოება სურს, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6).
დაფიქრდი: რის საფუძველზე მწამს, რომ ღმერთი არსებობს? (ებრაელები 3:4). რატომ უნდა ვცე მას თაყვანი? (გამოცხადება 4:11).
მეტი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხე სტატია: „შემოქმედება თუ ევოლუცია? — ნაწილი 1: რატომ მწამს ღმერთი?“
გჯერა, რომ ბიბლიაში ნამდვილად ღვთის სიტყვები წერია?
ბიბლიაში ვკითხულობთ: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და ღვთის სიმართლით აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16).
დაფიქრდი: რატომ მჯერა, რომ ბიბლიაში ადამიანის აზრები არ არის ჩაწერილი? (ესაია 46:10; 1 თესალონიკელები 2:13).
მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანი სტატიას: „რა სიკეთეს მომიტანს ბიბლიის კითხვა? — ნაწილი 1: გამოიკვლიე ბიბლია“.
გჯერა, რომ იეჰოვა თავისი ნების შესასრულებლად ქრისტიანულ კრებას იყენებს?
ბიბლიაში ვკითხულობთ: „დიდება [ღმერთს] კრებისა და ქრისტე იესოს მეშვეობით ყველა თაობაში მარადიულად!“ (ეფესოელები 3:21).
დაფიქრდი: ის, რასაც კრების შეხვედრებზე ბიბლიიდან ვსწავლობ, ადამიანისგან მომდინარეობს თუ იეჰოვასგან? (მათე 24:45). ვესწრები კრების შეხვედრებს მაშინაც კი, როცა ჩემი მშობლები ვერ ესწრებიან (თუ მშობლები ამის ნებას გრთავენ)? (ებრაელები 10:24, 25).
მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატია: „რატომ უნდა დავესწრო იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებს?“.
რა უნდა გავაკეთო?
მოსანათლად სრულყოფილება არ გჭირდება. თუმცა შენ უნდა აჩვენებდე, რომ ნამდვილად გსურს, ზურგი აქციო ბოროტებას და სიკეთე აკეთო (ფსალმუნი 34:14). მაგალითად,
ცხოვრობ იეჰოვა ღმერთის მიერ დადგენილი ნორმებით?
ბიბლია გვირჩევს: „შეინარჩუნეთ სუფთა სინდისი“ (1 პეტრე 3:16).
დაფიქრდი: რით ვაჩვენებ, რომ გაწაფული მაქვს გონება კარგისა და ცუდის გასარჩევად? (ებრაელები 5:14). შემიძლია გავიხსენო კონკრეტული შემთხვევები, როცა თანატოლების მავნე ზეგავლენაში არ მოვექეცი? მყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც კარგის კეთებისკენ მახალისებენ? (იგავები 13:20).
მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატია: „როგორ გავიწაფო სინდისი?“.
გესმის, რომ შენს საქციელზე თავად ხარ პასუხისმგებელი?
ბიბლიაში ნათქვამია: „თითოეული ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომაელები 14:12).
დაფიქრდი: რამდენად გულწრფელი ვარ საკუთარ თავთან თუ სხვებთან? (ებრაელები 13:18). ვაღიარებ შეცდომებს თუ ვმალავ ან ვცდილობ მათი სხვებისთვის გადაბრალებას? (იგავები 28:13).
მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატია, სათაურით „როგორ მოვიქცე, როცა შეცდომას ვუშვებ?“.
ცდილობ, დაუმეგობრდე იეჰოვას?
ბიბლიაში ნათქვამია: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).
დაფიქრდი: რას ვაკეთებ საიმისოდ, რომ უფრო დავუახლოვდე იეჰოვას? მაგალითად, რამდენად ხშირად ვკითხულობ ბიბლიას? (ფსალმუნი 1:1, 2). რეგულარულად ვლოცულობ? (1 თესალონიკელები 5:17). რამდენად კონკრეტულად ვლოცულობ? არიან ჩემი მეგობრები იეჰოვას მეგობრები? (ფსალმუნი 15:1, 4).
მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატიები: „რა სიკეთეს მომიტანს ბიბლიის კითხვა? — ნაწილი 2: აქციე ბიბლიის კითხვა სასიამოვნო პროცესად“ და „რატომ უნდა ვილოცო?“.
რჩევა: ნათლობისთვის მოსამზადებლად, გაეცანი 37-ე თავს წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე სამუშაო ფურცელს 308-ე და 309-ე გვერდებზე.
a წაიკითხე სტატია, სათაურით „უნდა მოვინათლო? — ნაწილი 1“, სადაც განხილულია, რას ნიშნავს და რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასადმი თავის მიძღვნა და მონათვლა.