არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

უნდა მოვინათლო? — ნაწილი 3: რატომ ვიკავებ თავს ნათლობისგან?

უნდა მოვინათლო? — ნაწილი 3: რატომ ვიკავებ თავს ნათლობისგან?

 ხომ არ გაშინებს იმაზე ფიქრი, რომ თავი უნდა მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლო? თუ ასეა, ეს სტატია დაგეხმარება, დაძლიო შიში.

ამ სტატიაშია:

 მეშინია, ნათლობის შემდეგ ცოდვა არ ჩავიდინო

 რატომ ფიქრობ ასე: შესაძლოა იცნობ ვინმეს, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა და აღარ არის იეჰოვას მოწმე (1 კორინთელები 5:11—13). შეიძლება გაშინებს იმაზე ფიქრი, რომ ასეთი რამ შენც დაგემართება.

 „როცა პირველად დავფიქრდი ნათლობაზე, ძალიან შემაშინა იმ აზრმა, რომ ნათლობის შემდეგ შეიძლება ცოდვა ჩამედინა. წარმოვიდგინე, რა საშინლად იგრძნობდნენ ჩემი მშობლები თავს“ (რებეკა).

 ბიბლიაში ნათქვამია: „მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა,.. დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს, ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:7).

 დაფიქრდი: მართალია, მოუნანიებელი შემცოდველი კრებიდან ირიცხება, მაგრამ ვინც ინანიებს და მზადაა, გამოსწორდეს, მის მიმართ იეჰოვა გულმოწყალებას ავლენს და პატიობს (ფსალმუნი 103:13, 14; 2 კორინთელები 7:11).

 ფაქტია, რომ არასრულყოფილების მიუხედავად, იეჰოვას დახმარებით მაინც შეგიძლია არ აჰყვე ცდუნებას (1 კორინთელები 10:13). საბოლოო გადაწყვეტილებას ხომ შენ იღებ და არა სხვა ვინმე!

 „მეშინოდა, ნათლობის შემდეგ სერიოზული ცოდვა არ ჩამედინა. თუმცა მერე მივხვდი, რომ, თუ არ მოვინათლებოდი, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა. უკან არ უნდა დამეხია იმის შიშით, თუ რა შეიძლება მომხდარიყო ხვალ და ზეგ“ (კარენი).

 გახსოვდეს: თუ მტკიცედ გექნება გადაწყვეტილი, არ ჩაიდინო სერიოზული ცოდვა, ამას შეძლებ კიდეც. იეჰოვას მოწმეების უმეტესობამ თავისი ცხოვრებით ცხადყო, რომ ეს ასეა (ფილიპელები 2:12).

 მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატია: „როგორ გავუძლო ცდუნებას?“.

 მეშინია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება

 რატომ ფიქრობ ასე: შესაძლოა იცნობ ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც მეგობრებისგან და ოჯახისგან შორს გადავიდნენ საცხოვრებლად, რათა მეტი დრო დაეთმოთ მსახურებისთვის. ხომ არ ფიქრობ, რომ შენგანაც იმავეს მოელიან?

 „მონათლულ ქრისტიანს მეტის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა იეჰოვას მსახურებაში, მაგრამ ზოგი ამისთვის მზად არ არის ან მდგომარეობა არ უწყობს ხელს“ (მარია).

 ბიბლიაში ნათქვამია: „თითოეული თავის საქმეებს დაუკვირდეს; ეს მოუტანს მას სიხარულს და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარება“ (გალატელები 6:4).

 დაფიქრდი: ნაცვლად იმისა, რომ თავი სხვას შეადარო, ყურადღება მარკოზის 12:30-ში ჩაწერილ სიტყვებზე გადაიტანე: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით“.

 მუხლიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვას მთელი გულით შენ უნდა ემსახურო და არა სხვა ვინმე. თუ ნამდვილად გიყვარს იეჰოვა, ყველაფერს გააკეთებ, რომ მსახურებაში შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენო.

 „მართალია, ნათლობა სერიოზული ნაბიჯია, მაგრამ მძიმე ტვირთი არ არის. თუ კარგი მეგობრები გეყოლება, ისინი მზად იქნებიან შენ დასახმარებლად. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შენივე ბედნიერებას შეუწყობს ხელს. მაგრამ თუ არ მოინათლები, პირიქით მოხდება — საკუთარ თავს ავნებ“ (ჯულია).

 გახსოვდეს: დააფასე ის სიყვარული, რომელსაც იეჰოვა შენ მიმართ ავლენს. ეს აღგძრავს, მისთვის საუკეთესო გაიღო (1 იოანე 4:19).

 მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატია: „რამდენად განვითარებული მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა?“.

 თავს იეჰოვას მსახურების ღირსად არ ვთვლი

 რატომ ფიქრობ ასე: იეჰოვა სამყაროს უზენაესი შემოქმედია. მასთან შედარებით ადამიანი უსუსურია. ამიტომ შეიძლება გაფიქრებს: „საერთოდ იცის იეჰოვამ, რომ ვარსებობ?“.

 „ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეები არიან. ჭეშმარიტება, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობით გადმომეცა, ამიტომ ვფიქრობდი, რომ იეჰოვას პირადად მე არ მივუზიდივარ“ (ნატალი).

 ბიბლიაში ნათქვამია: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“ (იოანე 6:44).

 დაფიქრდი: ნათლობაზე რომ ფიქრობ, შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ იეჰოვა კიდევ უფრო ახლო ურთიერთობას გთავაზობს. გინდა, გამოეხმაურო ამ შემოთავაზებას?

 გახსოვდეს, რომ იეჰოვას გადასაწყვეტია და არა ჩვენი, როგორ ადამიანებს მიიზიდავს თავისკენ. მისი სიტყვა გვარწმუნებს, რომ, თუ დავუახლოვდებით ღმერთს, ისიც დაგვიახლოვდება (იაკობი 4:8).

 „თუ იცნობ იეჰოვას და მასთან სიახლოვეს გრძნობ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მას უყვარხარ. ამიტომ, თუ ისეთი გრძნობა გაგიჩნდება, რომ იეჰოვას მსახურების ღირსი არ ხარ, გაიხსენე, რომ ის არ იზიარებს ამ აზრს. იეჰოვა კი ყოველთვის მართალია“ (სელინა).

 გახსოვდეს: თუ ნათლობისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებ, ესე იგი, მიზეზი აღარ გაქვს, რომ იეჰოვას მსახურებისთვის უღირსად მიიჩნიო თავი. თანაც არც ის დაგავიწყდეს, რომ იეჰოვა იმსახურებს შენგან თაყვანისცემას (გამოცხადება 4:11).

 მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატია: „რატომ უნდა ვილოცო?“.