ახალგაზრდების შეკითხვები
რატომ უნდა ვიყო პატიოსანი?
რატომ იქცევა ზოგი უპატიოსნოდ?
დღევანდელ მსოფლიოში პატიოსნება, ერთი შეხედვით, არავის არაფერში ადგება. ადამიანები ყოველთვის პოულობენ გასასამართლებელ მიზეზებს:
„თუ მშობლებს არ მოვატყუებ, ისინი შეზღუდვებს დამიდგენენ“.
„თუ არ გადავიწერ ამ ტესტს, ჩავიჭრები“.
„თუ არ მოვიპარავ, ვერანაირ სარგებელს ვერ ვნახავ“.
შეიძლება ვიღაცამ თქვას: „ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. დღეს ხომ ყველა უპატიოსნოდ იქცევა?!“.
სინამდვილეში ეს ასე არ არის. დღეს უამრავ ადამიანს, მათ შორის საკმაოდ ბევრ ახალგაზრდას, სჯერა, რომ პატიოსნება ძალიან ფასობს და ამას მართლაც მოეძებნება საფუძვლიანი ახსნა. „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“, — ვკითხულობთ ბიბლიაში (გალატელები 6:7). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ყოველთვის ვიმკით ჩვენი სწორი თუ არასწორი საქციელის შედეგებს.
ახლა დავფიქრდეთ, რა შედეგები მოჰყვება ტყუილს.
„დედას ვატყუებდი და არ ვეუბნებოდი, რომ ერთ ბიჭს ვხვდებოდი. მან იცოდა, რომ სიმართლეს არ ვეუბნებოდი. როცა დედა მესამედ მოვატყუე, ძალიან გაბრაზდა. ორი კვირით სახლიდან გასვლის უფლებას არ მაძლევდა და ერთი თვე მობილურით სარგებლობა და ტელევიზორის ყურება ამიკრძალა. ამის შემდეგ არასდროს მითქვამს ტყუილი მშობლებისთვის!“ (ანიტა).
დაფიქრდი: რატომ ვერ მოიპოვებდა ანიტა ადვილად დედის ნდობას?
ბიბლიაში ნათქვამია: „ახლა, რადგან მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფესოელები 4:25).
„კარგა ხნის მანძილზე მშობლებს ვატყუებდი; ისინი ვერ ხვდებოდნენ ამას და შესაბამისად, არც მსჯიდნენ. მაგრამ საბოლოოდ ტყუილი გამოაშკარავდა და მშობლებმა მომთხოვეს, რომ ყველაფერი მომეყოლა მათთვის. იმდენი ტყუილი მქონდა ნათქვამი, რომ ბევრი რამის გახსენება ვერც კი შევძელი. როცა თავიდანვე სიმართლეს ამბობ, ასეთი რამ არასდროს დაგემართება!“ (ენტონი).
დაფიქრდი: როგორ შეეძლო ენტონის თავიდან აერიდებინა ასეთი უხერხული სიტუაცია?
ბიბლიაში ნათქვამია: „ცრუ ბაგეები სისაძაგლეა იეჰოვასთვის, ერთგულები კი სასურველნი არიან მისთვის“ (იგავები 12:22).
„ჩემს ერთ მეგობარს ყველაფრის შელამაზება უყვარს. მას გაზვიადება და უკონტექსტოდ ლაპარაკი ახასიათებს. მე მიყვარს ის და ვცდილობ, მეტისმეტი ყურადღება არ მივაქციო ამას. მაგრამ ძალიან რთულია, ენდო მას ან მისი ნათქვამი დაიჯერო“ (ივონი).
დაფიქრდი: თუკი ივონის მეგობარს ყველაფრის გაზვიადება უყვარს და უკონტექსტოდ ლაპარაკი, რის შედეგადაც ფაქტებს ამახინჯებს, როგორ ფიქრობ, ეს უარყოფითად არ აისახება მის რეპუტაციაზე?
ბიბლიაში ნათქვამია: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18).
რატომ ფასდება პატიოსნება?
ახლა დავფიქრდეთ, რა შედეგები მოჰყვება მათ საქციელს, ვინც პატიოსნად იქცევა.
«ერთხელ ერთ ქალს, რომელიც ჩემ წინ მიდიოდა, ფული დაუვარდა. მე დავუძახე მას და ფული მივაწოდე. ის იმდენად მადლიერი დარჩა, რომ მითხრა: „დღეს პატიოსნება იშვიათობაა. ამიტომ ნამდვილად იმსახურებთ შექებას!“. ძალიან კარგად ვიგრძენი თავი იმის გამო, რომ ის გულგრილი არ დატოვა ჩემმა საქციელმა“ (ვივიენი).
დაფიქრდი: რატომ გააკვირვა ეს ქალბატონი ვივიენის საქციელმა? თავად ვივიენისთვის რა მხრივ იყო კარგი, რომ პატიოსნად მოიქცა?
ბიბლიაში ნათქვამია: „ბედნიერნი არიან ... ყოველთვის სიმართლის მოქმედნი“ (ფსალმუნი 106:3).
„ჩვენი ოჯახი ვასუფთავებთ დაწესებულებებს და ასე ვირჩენთ თავს. ზოგჯერ, როცა ოფისებს ვალაგებთ, ვხედავთ, რომ იატაკზე ხურდები ყრია. ჩვენ მაშინვე ვიღებთ ფულს და იქვე ახლოს, მაგიდაზე ვდებთ. ერთი ჩვენი თანამშრომელი ხშირად ღიზიანდება იმის გამო, რომ ასე პატიოსნად ვიქცევით. „ეს ხომ მხოლოდ ხურდაა და მეტი არაფერი!“, — გვეუბნება ის. მაგრამ ჩვენ ერთ რამეში დარწმუნებული ვართ — ის ყოველთვის გვენდობა“ (ჯულია).
დაფიქრდი: რატომ არის დიდი ალბათობა, რომ თუ ჯულიას სხვა სამუშაოსთვის რეკომენდაციის გაწევა დასჭირდება, კარგი რეპუტაციის გამო დადებით დახასიათებას მისცემენ?
ბიბლიაში ნათქვამია: „ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო მოსაწონ მუშად, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს“ (2 ტიმოთე 2:15).
„ერთხელ საკრედიტო ბარათზე ხელფასი 80 სამუშაო საათისთვის დამერიცხა; არადა, სინამდვილეში 64 საათი ვიმუშავე. თუმცა ეს თავიდან მესიამოვნა, მაგრამ ნამდვილად ვერ მივითვისებდი ამ თანხას. მაშინვე ბუღალტერთან მივედი და ამ უზუსტობის შესახებ ვაცნობე, რისთვისაც ძალიან მადლიერი დარჩა. მართალია, ჩვენი კომპანია საკმაოდ წარმატებულია, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა, ისეთი შეგრძნება მქონოდა, რომ ფული მოვიპარე“ (ბეთანი).
დაფიქრდი: რომელი უფრო უპატიოსნო საქციელია, პირადად მოჰპარო ვინმეს ფული თუ კომპანიის თანხა მიითვისო?
ბიბლიაში ნათქვამია: „სისაძაგლეა იეჰოვასთვის მზაკვარი ადამიანი, მართლებთან კი ახლოს არის ღმერთი“ (იგავები 3:32).