ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
როგორ დავძლიო პირისპირ საუბრის კომპლექსი?
რატომ უნდა დავძლიო პირისპირ საუბრის კომპლექსი?
ზოგს მიმოწერა უფრო უადვილდება, რადგან პირისპირ საუბრისას თავს შებოჭილად გრძნობს.
„პირისპირ საუბრის დროს უფრო იძაბები, რადგან არ შეგიძლია ნათქვამი გადააკეთო ან წაშალო“ (ანა).
„მიმოწერა გადაცემის ჩანაწერს ჰგავს, ლაპარაკი კი პირდაპირ ეთერში გამოსვლას. ლაპარაკისას სულ იმის მეშინია, რამე სისულელე არ წამომცდეს“ (ჯინი).
პირისპირ საუბრის უნარ-ჩვევების განვითარება ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგება. მაგალითად, პირისპირ საუბარი დაგეხმარება მეგობრების შეძენაში, სამსახურის შოვნაში და ზოგჯერ მის შენარჩუნებაში, ან თუ ამისთვის მზად ხარ, რომანტიკული ურთიერთობის დაწყებაში.
პირისპირ საუბარში საშიში არაფერია. ამ საკითხში გაუმჯობესებას აუცილებლად შეძლებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალიან მორცხვი ხარ.
„საუბრისას შეცდომები ყველას მოგვდის და ზოგჯერ ამის გამო უხერხულობასაც ვგრძნობთ. კარგი იქნება, თუ ჩვენს თავს სრულყოფილებას არ მოვთხოვთ და ზოგჯერ ასეთ შეცდომებს იუმორითაც შევხედავთ“ (ნილი).
რით დავიწყოთ საუბარი?
დასვი შეკითხვები. დაფიქრდი, რა შეიძლება იყოს შენი მოსაუბრისთვის საინტერესო და ამ თემაზე დაიწყე საუბარი. Მაგალითად:
„იყავი სადმე დასასვენებლად ამ ზაფხულს?“
„ამ საიტის შესახებ იცოდი, საკმაოდ საინტერესო ჩანს?“
„ის გაიგე . . . ?“
უფრო კონკრეტულ თემებს რომ შეეხო, დაფიქრდი, რა საერთო გაქვს იმ ადამიანთან, ვისთანაც საუბრის წამოწყებას ცდილობ. მაგალითად, შეიძლება ერთ სკოლაში სწავლობთ ან ერთი სამუშაო გაქვთ. ეს ყოველივე შესაბამისი კითხვების მოფიქრებაში დაგეხმარება.
„ისეთი კითხვები მოიფიქრე, რომელზე პასუხებიც შენთვის საინტერესო იქნებოდა“ (მარიცა).
გაითვალისწინე: კითხვების დასმა დაკითხვას არ უნდა დაემსგავსოს. ისეთი კითხვების დასმასაც მოერიდე, რომელიც ადამიანს თავს უხერხულად აგრძნობინებდა. მაგალითად, „ცხოვრებაში ყველაზე მეტად რისი გეშინია?“ ან „სულ ეს ფერი რატომ გაცვია?“. ბოლო კითხვა შეიძლება კრიტიკულადაც კი ჟღერდეს.
საუბარი დაკითხვას არ დაემსგავსება, თუ დასმულ კითხვაზე მოსაუბრეს საკუთარ აზრსაც გაუზიარებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარი დიალოგს უნდა ჰგავდეს, და არა ინტერვიუს.
ბიბლიური პრინციპი: „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას.“ (იგავები 20:5).
ყურადღებით მოუსმინე. წამოწყებული საუბარი რომ გაგრძელდეს, მეტყველების უნარზე მეტად მოსმენის უნარია საჭირო.
„ჩემი მიზანია ყოველი საუბრისას ერთი ახალი რამ მაინც გავიგო იმ ადამიანის შესახებ, ვისაც ვესაუბრები. შემდეგ ვცდილობ დავიმახსოვრო ეს და მომდევნო შეხვედრისას საუბრის წამოსაწყებად გამოვიყენო“ (თამარა).
გაითვალისწინე: წინასწარ არ ინერვიულო იმაზე, თუ როგორ განაგრძობ საუბარს. მთავარია ყურადღებით მოუსმინო და საუბრის გაგრძელების შესაძლებლობას აუცილებლად დაინახავ.
ბიბლიური პრინციპი: „მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას“ (იაკობი 1:19).
გამოხატე გულწრფელი ინტერესი. Როცა გულწრფელად ხარ დაინტერესებული ადამიანით, მასთან საუბარი უფრო სასიამოვნოა.
„Როცა ადამიანი ხედავს, რომ მართლა გაინტერესებს, რასაც ამბობს, საუბარი სასიამოვნო გამოდის, თუნდაც ლაპარაკისას მცირე უხერხულობებმა იჩინოს თავი“ (მარი).
გაითვალისწინე: არ დასვა ზედმეტად პირადული კითხვები. მაგალითად, „ხელფასი რამდენი გაქვს?“.
ბიბლიური პრინციპი: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც.“ (ფილიპელები 2:4).
Როგორ დავასრულოთ საუბარი? ერთი ახალგაზრდა, სახელად ჯორდანი ასეთ რამეს ამბობს: „შეეცადე საუბარი რაიმე პოზიტიურით დაასრულო, მაგალითად, უთხარი: „ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი“ ან „კარგ დღეს გისურვებ“. ეს მომდევნო შეხვედრისას მასთან ლაპარაკს ბევრად გაგიადვილებს.