არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

ებრაელების 4:12 — „ცოცხალია სიტყვა ღმრთისა [და] ქმედითი“

ებრაელების 4:12 — „ცოცხალია სიტყვა ღმრთისა [და] ქმედითი“

 „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელები 4:12, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „ცოცხალია სიტყვა ღმრთისა, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უმკვეთრესი: და უწევს ვიდრე გაყოფამდე სამშვინველისა და სულისა, ნაწევართა და ტვინთა, და განიკითხავს აზრთა და გულის ზრახვათ“ (ებრაელები 4:12, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 ღვთის სიტყვას, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი, ჩვენი ფიქრების და მოტივების გამოაშკარავება შეუძლია და ის უკეთეს ადამიანად გვაყალიბებს.

 „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“. გამოთქმა „ღვთის სიტყვა“ ეხება ღვთის დაპირებებს და მის განზრახვას, რომლებსაც ბიბლია გვიმჟღავნებს. a მისი ერთ-ერთი განზრახვა ისაა, რომ მორჩილმა ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ დედამიწაზე, სადაც მშვიდობა და ერთობა იქნება (დაბადება 1:28; ფსალმუნი 37:29; გამოცხადება 21:3, 4).

 რა გაგებით არის ღვთის სიტყვა „ცოცხალი“? მას, ვინც ისმენს ამ სიტყვას და რწმენას ავლენს, მომავლის იმედი ესახება და მის ცხოვრებას აზრი ეძლევა (კანონი 30:14; 32:47). ის იმ გაგებითაც არის „ცოცხალი“, რომ ღმერთს თავისი დაპირებები ეტაპობრივად სისრულეში მოჰყავს (იოანე 5:17). ადამიანებისგან განსხვავებით ღმერთი არასოდეს ივიწყებს თავის დაპირებებს და არც ისეთ პირობას დებს, რასაც არ შეასრულებს (რიცხვები 23:19). მისი პირიდან გამოსული სიტყვა „უშედეგოდ არ [უბრუნდება]“ მას (ესაია 55:10, 11).

 „ღვთის სიტყვა არის . . . მოქმედი“. სიტყვა „მოქმედი“ შეიძლება შემდეგნაირადაც ითარგმნოს: „ძლიერი“, „აქტიური“ ან „მიზანმიმართული“. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვას b სიტყვა ან დაპირებები შეუსრულებელი არ დარჩება (ფსალმუნი 135:6; ესაია 46:10). მეტიც, მან შეიძლება ჩვენთვის წარმოუდგენელი სახითაც კი შეასრულოს თავისი განზრახვები (ეფესოელები 3:20). c

 ღვთის სიტყვა იმ გაგებითაც არის „მოქმედი“, რომ ის ადამიანს ეხმარება, ცხოვრებაში ცვლილებები მოახდინოს და უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ღვთის სიტყვა გავლენას ახდენს მის ფიქრებზე, ცხოვრების წესსა და მიზნებზე (რომაელები 12:2; ეფესოელები 4:24). ამ გაგებით, „ღვთის სიტყვა . . . მოქმედებს“ მათზე, ვინც იღებს მას (1 თესალონიკელები 2:13).

 ღვთის სიტყვა არის . . . ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი“. გადატანითი მნიშვნელობით ღვთის სიტყვა ნებისმიერ ხელნაკეთ მახვილზე ბასრია, რადგან ის უფრო ღრმად აღწევს. მხოლოდ ღვთის სიტყვას შეუძლია ასეთი მძლავრი გავლენის მოხდენა ადამიანის სიმბოლურ გულზე ანუ შინაგან პიროვნებაზე. ამაზე მიანიშნებს ამ მუხლის მომდევნო სიტყვებიც.

 „ღვთის სიტყვა . . . აღწევს ხორცისა და სულის, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე“. ბიბლიაში სიტყვა „სული“ გამოიყენება როგორც ადამიანის, ისე მისი შინაგანი პიროვნების აღსაწერად (გალატელები 6:18). გადატანითი მნიშვნელობით თუ ვიტყვით, ღვთის სიტყვა აღწევს ადამიანის ძვლის ტვინში ანუ მის ფიქრებსა და გრძნობებში. იმას, რასაც იეჰოვა გვასწავლის, შეუძლია ჩვენი შინაგანი პიროვნება დაგვანახოს და აღგვძრას, რომ უკეთესობისკენ შევიცვალოთ. ეს ჩვენც და ჩვენს შემოქმედსაც სიხარულს გვგვრის.

 „ღვთის სიტყვა . . . არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“. იღებს თუ არა ადამიანი ღვთის სიტყვას, ჩანს მისი ფიქრებიდან, ზრახვებიდან და მოტივებიდან, რაც შემდეგ მის საქციელზეც აისახება. მაგალითად, თუ ადამიანი ღვთის სიტყვის თანახმად იქცევა და საჭირო ცვლილებებს ახდენს ცხოვრებაში, ცხადყოფს, რომ თავმდაბალი და გულწრფელია. მას სურს, შემოქმედს ასიამოვნოს. ამისგან განსხვავებით, ვინც ღვთის სიტყვაში ნაკლს ეძებს, ავლენს ისეთ უარყოფით თვისებებს, როგორებიცაა სიამაყე და ეგოიზმი. ის ცდილობს, გაამართლოს ღვთისთვის მიუღებელი საქციელი (იერემია 17:9; რომაელები 1:24—27).

 ერთი ნაშრომის თანახმად, ღვთის სიტყვა „ჩვენში ყველაზე ღრმა ადგილამდე აღწევს“. ღმერთისთვის ადამიანის შინაგანი პიროვნების არცერთი მხარე არაა დამალული და არ არსებობს ისეთი რამ, რასაც მისი სიტყვა ვერ გამოააშკარავებს. მსგავსი აზრი იკვეთება ებრაელების 4:13-შიც, სადაც ნათქვამია: „ყველაფერი გაშიშვლებული და ღიაა მისი თვალისთვის, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულნი“.

კონტექსტი

 მოციქულმა პავლემ ეს ღვთივშთაგონებული წერილი იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრებ იუდეველ ქრისტიანებს მისწერა დაახლოებით ახ. წ. 61 წელს.

 მე-3 და მე-4 თავებში ჩანს, რომ პავლე ძველ დროში მცხოვრები ისრაელების მაგალითით ქრისტიანებს აფრთხილებს (ებრაელები 3:8—12; 4:11). იეჰოვა დაჰპირდა ისრაელებს, რომ მათ მონობიდან გაათავისუფლებდა და დაამკვიდრებინებდა მიწას, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებდნენ (კანონი 12:9, 10). თუმცა იმ თაობამ, რომელმაც ეგვიპტე დატოვა, ღვთის დაპირებებისადმი რწმენა არ გამოავლინა და არაერთხელ ეურჩა ღმერთს. შედეგად მათ ვერ დაიმკვიდრეს ღვთის „მოსასვენებელი ადგილი“ და დაკარგეს შესაძლებლობა, რომ ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობით გაეხარათ. ისინი უდაბნოში ხეტიალისას დაიხოცნენ. მართალია, მათი შთამომავლობა შევიდა აღთქმულ მიწაზე, მაგრამ ისინიც დაუმორჩილებლობას ავლენდნენ, რაც მთელ ერს ძვირად დაუჯდა (ნეემია 9:29, 30; ფსალმუნი 95:9—11; ლუკა 13:34, 35).

 პავლემ იმას გაუსვა ხაზი, რომ ამ ორგული ისრაელების ცუდი მაგალითი ქრისტიანებისთვის გამაფრთხილებელი უნდა ყოფილიყო. მათგან განსხვავებით, თუ დავემორჩილებით ღვთის სიტყვას და რწმენას გამოვავლენთ მისი დაპირებებისადმი, შევძლებთ ღვთის „მოსასვენებელი ადგილის დამკვიდრებას“ (ებრაელები 4:1—3, 11).

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „ებრაელებზე“.

a მართალია, ამ შემთხვევაში გამოთქმა „ღვთის სიტყვა“ პირდაპირ ბიბლიას არ მოიაზრებს, მაგრამ რახან ღმერთმა თავისი დაპირებები ბიბლიაში ჩაწერა, ამ მუხლში მოხსენიებული ეს ფრაზა შეგვიძლია მასთან მიმართებითაც გამოვიყენოთ.

b იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.