არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

იერემიას 11:11 — „დავატეხ მათ გასაჭირს“

იერემიას 11:11 — „დავატეხ მათ გასაჭირს“

„ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა: „დავატეხ მათ უბედურებას, რასაც თავს ვერ დააღწევენ. როცა საშველად მომიხმობენ, არ მოვუსმენ მათ“ (იერემია 11:11; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

„ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, დავატეხ მათ გასაჭირს, რომელსაც თავს ვერ დააღწევენ; შემომღაღადებენ, მაგრამ არ მოვუსმენ“ (იერემია 11:11; „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“).

ახსნა

 ამ სიტყვებით ღმერთმა წინასწარმეტყველ იერემიას დროს მცხოვრებ იუდეველებს მიმართა, რადგან ისინი არად აგდებდნენ იეჰოვას a სამართლიან კანონებს და არც მის წინასწარმეტყველთა შეგონებას უგდებდნენ ყურს. ის მათ თავიანთი არასწორი საქციელით გამოწვეული ცუდი შედეგებისგან არ დაიცავდა (იგავები 1:24—32).

 „ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა“. სიტყვა „ამიტომ“ უკავშირდება წინა მუხლებში ჩაწერილ აზრებს. იერემიას 11:1—10-დან ვიგებთ, რომ იუდეველებმა დაარღვიეს ის შეთანხმება, რომელიც იეჰოვამ მათ მამა-პაპას დაუდო (გამოსვლა 24:7). ისინი კერპებს სცემდნენ თაყვანს, ბევრ ბოროტებას სჩადიოდნენ და იქამდეც კი მივიდნენ, რომ თავიანთ შვილებს მსხვერპლად სწირავდნენ (იერემია 7:31).

 „დავატეხ მათ უბედურებას“. როცა ბიბლიაში საუბარია იმაზე, რომ ღმერთი რაღაცას აკეთებს, ხშირად ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვა უშვებს იმას, რაც შეიძლება მოხდეს. ამ მუხლშიც ეს იგულისხმება. იუდეველებმა თავად დაიტეხეს თავს უბედურება იმის გამო, რომ ცრუ ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა და იეჰოვას ნორმებს ზურგი აქციეს. შესაბამისად, იეჰოვაც აღარ მფარველობდა მათ. შედეგად, ბაბილონის მეფემ, ძლევამოსილმა მტერმა, დაიპყრო იერუსალიმი და მისი მაცხოვრებლები ტყვედ წაასხა. ცრუ ღმერთებმა, რომელთაც ხალხმა ნდობა გამოუცხადა, ვერ იხსნეს ისინი (იერემია 11:12; 25:8, 9).

 ის ფაქტი, რომ იეჰოვამ დაუშვა თავისი ხალხი ასეთ დღეში ჩავარდნილიყო, არ ნიშნავს, რომ ის უსამართლო ან ბოროტია. როგორც იაკობის 1:13–ში წერია: „შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“.

 „როცა საშველად მომიხმობენ, არ მოვუსმენ მათ“. იეჰოვა არ უსმენს მათ ლოცვებს, ვისაც ხელი სისხლში აქვს გასვრილი და ცრუ ღმერთებზე ამყარებს იმედს (ესაია 1:15; 42:17). თუმცა ის უსმენს მათ, ვინც გულწრფელად ინანიებს ჩადენილს, ზურგს აქცევს ბოროტებას და უბრუნდება მას (ესაია 1:16—19; 55:6, 7).

კონტექსტი

 ძვ. წ. 647 წელს იეჰოვამ იერემია თავის წინასწარმეტყველად აირჩია. 40 წლის მანძილზე იერემია იუდაში მცხოვრებთ ღვთის განაჩენის შესახებ აფრთხილებდა, თუმცა მათ ყურად არ იღეს ღვთის გაფრთხილება. სწორედ ამ პერიოდში დაწერა წინასწარმეტყველმა სიტყვები, რომლებსაც იერემიას 11:11-ში ვკითხულობთ. ეს სიტყვები ძვ. წ. 607 წელს შესრულდა, როცა ბაბილონელებმა იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს (იერემია 6:6—8; 39:1, 2, 8, 9).

 იერემიას წიგნში დამაიმედებელ ცნობასაც ვკითხულობთ. მაგალითად, 29:10–ში იეჰოვა თავის ხალხს დაჰპირდა: „ბაბილონში თქვენი გადასახლებიდან 70 წელი რომ გავა. . . შევასრულებ ჩემს დაპირებას და დაგაბრუნებთ სამშობლოში“. ეს დაპირება ძვ. წ. 537 წელს შესრულდა, მას შემდეგ, რაც ბაბილონი მიდია–სპარსეთმა დაიპყრო. ღმერთმა საშუალება მისცა თავის ხალხს, სამშობლოში დაბრუნებულიყო და წმინდა თაყვანისმცემლობა აღედგინა (2 მატიანე 36:22, 23; იერემია 29:14).

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „იერემიაზე“.

a ღვთის სახელი, რომელიც ებრაული ენიდან ქართულად ითარგმნა როგორც „იეჰოვა“. წაიკითხეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“ და გაიგეთ, რატომ გამოიყენა ბიბლიის ბევრმა მთარგმნელმა ღვთის სახელის ნაცვლად ტიტული „უფალი“.