რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს მადლიერების გამოხატვა?
კვლევები ადასტურებს, რომ მადლიერი ადამიანები სხვებთან შედარებით უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები არიან, ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს და სხვებთან მყარი ურთიერთობები აქვთ. პროფესორი რობერტ ემონსი აღნიშნავს: „მადლიერება ადამიანს იცავს ისეთი ნეგატიური გრძნობებისგან, როგორებიცაა: შური, სიხარბე, ბრაზი და რისხვა“. a
მადლიერების გრძნობა ბავშვებზეც დადებითად მოქმედებს. 4 წლის განმავლობაში 700 მოზარდზე ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც მადლიერების გრძნობით გამოირჩეოდნენ, ნაკლებად ჰქონდათ ქცევითი დარღვევები და ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები. ისინი გამოცდებზეც უფრო პატიოსნად იქცეოდნენ.
როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერს იმსახურებს, ეს მასში მადლიერების გრძნობას ახშობს. ბევრი ბავშვი ფიქრობს, რომ მთელი სამყარო „ვალშია“ მათ წინაშე. შესაბამისად, მათ აღარ უჩნდებათ მადლიერების გრძნობა.
ასეთი დამოკიდებულება ძალიან გავრცელებულია. ერთი მშობელი, სახელად კათრინი, ამბობს: «მედიასაშუალებების მეშვეობით გამუდმებით გვთავაზობენ უამრავ ნივთს და გვარწმუნებენ, რომ ამ ყველაფერს „ვიმსახურებთ“ და პირველებმა უნდა შევიძინოთ».
მშობლებმა ბავშვს პატარაობიდანვე უნდა ასწავლონ მადლიერების გამოხატვა. ერთი მშობელი, სახელად კეი, აღნიშნავს: „ბავშვები ყველაფერს ადვილად სწავლობენ. მცენარე სწორად რომ გაიზარდოს, ზოგჯერ სარს ჩავურჭობთ ხოლმე. მსგავსადვე, ბავშვებსაც პატარაობიდანვე უნდა მივცეთ სწორი მიმართულება და კარგი ჩვევები ჩავუნერგოთ“.
როგორ ვასწავლოთ მადლიერების გამოხატვა?
ასწავლეთ საჭირო სიტყვები. პატარასაც შეუძლია მადლობის გადახდა, როცა ვინმე საჩუქარს ჩუქნის ან სიკეთეს უკეთებს. წლების მატებასთან ერთად ის კიდევ უფრო დააფასებს სხვების სიკეთეს.
ბიბლიური პრინციპი: „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15).
„ჩვენი სამი წლის შვილიშვილი ყოველთვის იხდის მადლობას და ყოველთვის თავაზიანად გვთხოვს ხოლმე, თუ რამე უნდა. ეს მას მშობლებმა საკუთარი მაგალითით ასწავლეს“ (ჯეფრი).
ასწავლეთ, როგორ მოიქცეს. კარგი იქნება, თუ ბავშვს დაეხმარებით, სამადლობელი ბარათი მისწეროს მას, ვინც საჩუქარს გაუკეთებს. აგრეთვე სახლის საქმეებშიც დაიხმარეთ. ასე მეტად დააფასებს თქვენს შრომას.
ბიბლიური პრინციპი: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).
„ორი თინეიჯერი შვილი გვყავს. ისინი საჭმლის მომზადებაშიც გვეხმარებიან და სახლის საქმეებშიც. ამის წყალობით, უფრო აფასებენ ჩვენს შრომას და მადლიერები არიან“ (ბევერლი).
დაეხმარეთ, სწორი ხედვა ჰქონდეს. როგორც მცენარეს სჭირდება კარგი ნიადაგი, რომ აღმოცენდეს, ისე თავმდაბლობა სჭირდება ადამიანს, რომ მადლიერი იყოს. თავმდაბალ ადამიანებს ესმით, რომ წარმატებას სხვების დახმარების გარეშე ვერ მიაღწევენ. შესაბამისად, ისინი მადლიერნი არიან მხარდაჭერისთვის.
ბიბლიური პრინციპი: „იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ; მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:3, 4).
«ზოგჯერ სადილობის დროს „მადლიერობანას“ ვთამაშობთ ხოლმე. რიგრიგობით ვყვებით, რის გამო ვართ მადლიერნი. ეს გვეხმარება, გონება პოზიტიური ფიქრებით ავივსოთ, გული კი — მადლიერებით» (თამარი).
რჩევა: საკუთარი მაგალითით ასწავლეთ. თუ ბავშვები ხედავენ, რომ თქვენც ხშირად გამოხატავთ მადლიერებას, მათაც აღარ გაუჭირდებათ მადლიერების გამოვლენა.
a ციტატა აღებულია წიგნიდან: „Thanks! How Practicing Gratitude Can Make You Happier“.