რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი
რატომ უნდა შევაყვაროთ ბავშვს კითხვა? ელექტრონული წიგნები ჯობს იკითხონ თუ ბეჭდური? (ნაწილი 2)
თქვენს შვილს წიგნების კითხვა ელექტრონულად ურჩევნია თუ ბეჭდური სახით?
ბევრი ახალგაზრდა კითხვას ელექტრონულ მოწყობილობებში ამჯობინებს. „თანამედროვე თაობა იმდენადაა მიჩვეული თითის ერთი დაჭერით ერთი ბმულიდან მეორე ბმულზე და ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე გადასვლას, რომ წიგნებს გულს ვეღარ უდებენ“ — წერს პროფესორი ჯინ თუენგი. a
ელექტრონულ მოწყობილობებში კითხვას თავისი დადებითი მხარეები აქვს. ერთი 20 წლის ახალგაზრდა, ჯონი, ამბობს: „სკოლაში ელექტრონული წიგნებით ვსწავლობდით და ეს ძალიან მოსახერხებელი იყო, რადგან წამში შემეძლო მომეძებნა საჭირო ინფორმაცია“.
მათ, ვინც ელექტრონულ მოწყობილობებში კითხულობს წიგნებს, სხვა ბევრი ფუნქციის გამოყენებაც შეუძლიათ. მაგალითად, მკითხველს თითის ერთი დაჭერით შეუძლია ნახოს რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა, მოუსმინოს აუდიოჩანაწერს, უყუროს თანდართულ ვიდეოს ან გაეცნოს დამატებით მასალას. თუმცა ნიშნავს ეს იმას, რომ ბეჭდურმა წიგნებმა ფასი დაკარგა?
როცა საქმე საფუძვლიან სწავლაზე მიდგება, ზოგი ბეჭდურ მასალას ამჯობინებს. რა არის ამის მიზეზი?
აადვილებს კონცენტრირებას. ერთი მოზარდი ნათანი ამბობს: „როცა რაღაცას ელექტრონულად ვკითხულობ, ხშირად ამოხტება ხოლმე შეტყობინებები, რაც გონებას ძალიან მიფანტავს“.
კიდევ ერთი ახალგაზრდა, კარენი, რომელიც 20 წლისაა, მსგავს აზრს აღნიშნავს: „როცა ტელეფონში ან პლანშეტში ვკითხულობ, ხშირად მაქვს იმის ცდუნება, რომ სხვა აპლიკაცია გავხსნა ან რაიმე ვითამაშო“.
ბიბლიური პრინციპი: „გონივრულად გამოიყენეთ დრო“ (კოლოსელები 4:5).
დაფიქრდით: რამდენად აქვს თქვენს შვილს განვითარებული თვითდისციპლინა? შეძლებს, რომ ელექტრონული მოწყობილობებით კითხვისას და სწავლისას ყურადღება სხვა რამეზე არ გადაიტანოს? თუ არა, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ?
რჩევა: აუხსენით თქვენს შვილს, რომ ელექტრონული მოწყობილობებით მეცადინეობის დროს, თუ ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანს, უფრო დიდხანს მოუწევს მეცადინეობა და თავისუფალი დროც ნაკლები დარჩება.
აადვილებს აღქმას. „არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს ბეჭდური მასალის გაგება უფრო უადვილდებათ“ — ნათქვამია ერთ წიგნში (Be the Parent, Please).
ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ელექტრონულ მოწყობილობებში ხალხი მასალას უფრო გადარბენით კითხულობს და ნაკლებად უფიქრდება წაკითხულს. მწერალი ნიკოლას კარი ამბობს: „როგორც წესი, ვცდილობთ, ინტერნეტში რაც შეიძლება დიდი ინფორმაცია მივიღოთ უმცირეს დროში“. b
ფაქტია, ასეთ მიდგომასაც აქვს დადებითი მხარეები. მაგრამ, როგორც ნიკოლას კარი აღნიშნავს, პრობლემა ისაა, რომ ხალხი, ძირითადად, მხოლოდ ასე კითხულობს მასალას. შედეგად ბავშვებიც ეჩვევიან მასალის უბრალოდ გადაკითხვას, ისე რომ ვერ იაზრებენ წაკითხულს.
ბიბლიური პრინციპი: „შეიძინე … გონიერება“ (იგავები 4:7).
დაფიქრდით: როგორ შეგიძლიათ, დაეხმაროთ თქვენს შვილს, ბოლომდე ჩასწვდეს მასალას მიუხედავად იმისა, თუ სად კითხულობს — ელექტრონულ მოწყობილობაში თუ წიგნში?
რჩევა: უკიდურესობებში ნუ გადავარდებით. საკითხავად ელექტრონული მოწყობილობებიც გამოიყენეთ და ბეჭდური წიგნებიც. ორივეს თავისი დადებითი მხარე აქვს. მაგალითად, ელექტრონული მოწყობილობის ზოგი ფუნქცია საშუალებას გვაძლევს, მეტი ინფორმაცია მივიღოთ. ამიტომ ეცადეთ, ზედმეტად არ შეზღუდოთ თქვენი შვილი, უბრალოდ აუხსენით როგორც ერთის, ისე მეორის დადებითი და უარყოფითი მხარეები. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია.
აადვილებს დამახსოვრებას. ერთი მწერალი ფერის ჯაბრი აღნიშნავს: „ელექტრონულად კითხვის დროს შეიძლება გონება ადვილად გადაგვეღალოს და წაკითხულის დამახსოვრება გაგვირთულდეს“ (Scientific American).
როცა ბეჭდურ წიგნს ვკითხულობთ, ჩვენი გონება „ვიზუალურ სქემას“ ქმნის. მაგალითად, თვალი იმახსოვრებს, რა ადგილას რა აზრი ეწერა და გონება ერთგვარ სანიშნეებს ქმნის.
მკვლევრებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვინც დაბეჭდილი სახით კითხულობენ მასალას, უკეთ ითვისებენ ინფორმაციას და გონებაში ებეჭდებათ. შესაბამისად, შემდეგ ადვილადაც იხსენებენ წაკითხულს.
ბიბლიური პრინციპი: „გაუფრთხილდი სიბრძნესა და ჭკუას“ (იგავები 3:21).
დაფიქრდით: ხომ არ უჭირს თქვენს შვილს წაკითხულის გაგება ან დამახსოვრება? თუ ასეა, როგორ შეგიძლიათ, დაეხმაროთ, გაიუმჯობესოს სწავლის უნარ-ჩვევები? იქნებ ამაში ბეჭდური სახის ლიტერატურის გამოყენება დაეხმაროს?
რჩევა: გახსოვდეთ, მთავარი ის კი არ არის, რა მოსწონს თქვენს შვილს, არამედ ის, თუ რა შემთხვევაში ექნება უკეთესი მოსწრება. ადამიანები ზოგჯერ არაობიექტურად ვაფასებთ საკუთარ თავს, ამიტომ შეიძლება სულ ტყუილად გვეგონოს, რომ ელექტრონული მოწყობილობებიდან უკეთ ვითვისებთ მასალას.