არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

ნუ დაკარგავთ შვილის თვალში ავტორიტეტს!

ნუ დაკარგავთ შვილის თვალში ავტორიტეტს!

 რა უნდა იცოდეთ

 ზოგ ქვეყანაში შვილებს მშობლებთან ახლო ურთიერთობა აქვთ და ხშირად მიმართავენ რჩევისთვის; ზოგან კი ბავშვები რჩევას თანატოლებს ეკითხებიან.

 როდესაც ბავშვისთვის თანატოლის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, მშობელი მის თვალში ავტორიტეტს კარგავს. როცა შვილი გარდატეხის ასაკს აღწევს, მშობელს შეიძლება ისეთი გრძნობა დაეუფლოს, რომ მის სიტყვას წონა აღარ აქვს. ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან, როცა ბავშვები დიდ დროს ატარებენ თანატოლებთან, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთის აღმზრდელები ხდებიან და მშობლის როლს ითავსებენ.

 რა განაპირობებს, რომ ბავშვები მშობლების ნაცვლად თანატოლებზე ხდებიან მიჯაჭვული? განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი.

  •   სკოლა. როცა ბავშვები დროის დიდ ნაწილს სხვა ბავშვებთან ატარებენ, ერთმანეთთან იმდენად ახლო ურთიერთობაში შედიან, რომ მათთვის თანატოლების აზრი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე მშობლების. გარდატეხის ასაკში მოზარდები უფრო მეტად ხდებიან ერთმანეთზე მიჯაჭვული.

    ბავშვებს მშობლების გულის მოგების სურვილი უფრო უნდა ჰქონდეთ, ვიდრე თანატოლების

  •   ურთიერთობის დეფიციტი. ხშირად მშობლები მთელ დღეს სამსახურში ატარებენ, ამიტომ სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს შინ არავინ ხვდება.

  •   მოზარდთა ცხოვრების წესი. გარდატეხის ასაკში ბავშვებს ისეთ გარემოში უწევთ ყოფნა, რომ ნებით თუ უნებლიეთ მოზარდებისთვის მისაღებ ცხოვრების წესს ერგებიან, რაშიც იგულისხმება ჩაცმულობის სტილი, საუბრის მანერა, საქციელი თუ სხვა. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თანატოლები რას ფიქრობენ მათზე, ვიდრე მშობლები.

  •   რეკლამა. სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია და შეთავაზებული გართობის სახეობები, ძირითადად, ახალგაზრდებზეა გათვლილი, რის გამოც დროის სვლასთან ერთად თაობებს შორის უფრო დიდი კედელი აღიმართება. „თუ ერთ დღესაც მოზარდები თავიანთი ცხოვრების წესზე უარს იტყვიან, კომპანიები, რომლებიც მილიარდობით დოლარის მოგებას ნახულობენ, უმალვე გაკოტრდებიან“, a — აღნიშნავს ფსიქოლოგიის დოქტორი რობერტ ეპსტაინი.

 გამოსავალი

  •   შეინარჩუნეთ შვილთან ახლო ურთიერთობა.

     ბიბლიაში ნათქვამია: „გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კანონი 6:6, 7).

     მართალია, თანატოლები თქვენს შვილს მეგობრობას გაუწევენ, მაგრამ არ უნდა დაუშვათ, რომ მათ მშობლის როლი შეითავსონ. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობა პატივს სცემს მშობლებს და მათი გულის მოგებას ცდილობს. თუ შვილთან ახლო ურთიერთობას შეინარჩუნებთ, თქვენს სიტყვას მათთვის უფრო მეტი წონა ექნება, ვიდრე თანატოლების.

     „აუცილებელია, დრო დაუთმოთ შვილებს და ერთად აკეთოთ ისეთი საქმეები, როგორიცაა საჭმლის კეთება, დალაგება და საშინაო დავალებების მომზადება. ერთად გაერთეთ — ითამაშეთ, უყურეთ ფილმებს ან ტელეგადაცემებს. არ იფიქროთ, რომ მაინცდამაინც შინაარსიანად უნდა გაატაროთ ბავშვთან ერთად დრო. მთავარი ის კი არაა, რას აკეთებთ შვილთან ერთად, არამედ ის, თუ რამდენ დროს ატარებთ მასთან“ (ლორენი).

  •   დაეხმარეთ შვილებს სამეგობრო წრის გაფართოებაში.

     ბიბლიაში ნათქვამია: „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“ (იგავები 22:15).

     ზოგი მშობელი კმაყოფილდება იმით, რომ მის შვილს ბევრი მეგობარი ჰყავს. გახსოვდეთ: თანატოლებთან მეგობრობა მოზარდს ეხმარება, სხვებთან საერთო ენა გამონახოს, მაგრამ მას სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან მეგობრობა სჭირდება, რომ პიროვნულად ჩამოყალიბდეს. მშობლებო, თანატოლები ვერასდროს მისცემენ თქვენს შვილს ისეთ რჩევებს, როგორსაც თქვენ.

     „მოზარდები გარკვეულ ცოდნას კი ფლობენ, მაგრამ მათ არ გააჩნიათ საჭირო უნარ-ჩვევები, ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე, რომ თანატოლებს გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარონ. ის მოზარდები, რომლებიც მშობლებს მიმართავენ რჩევისთვის, ასაკის შესაბამისად ყალიბდებიან და მოწიფულობას აღწევენ“ (ნადია).

  •   ასწავლეთ სიტყვით და საქმით.

     ბიბლიაში ნათქვამია: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (იგავები 13:20).

     რამდენი წლისაც არ უნდა იყვნენ, თქვენი შვილები კვლავაც ბევრს ისწავლიან თქვენგან. ამიტომ დრო გამოუყავით მათ. მიეცით კარგი მაგალითი.

     „ბავშვები ყველაზე მეტად მშობლებს ჰბაძავენ. როცა ისინი მშობლების დაფასებასა და პატივისცემას სწავლობენ, სურვილი უჩნდებათ, მათ დაემსგავსონ“ (კეტრინი).

a ამონარიდი წიგნიდან Teen 2.0—Saving Our Children and Families From the Torment of Adolescence.