ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲡ | ᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐ
რატომ შორდებიან ასაკოვანი წყვილები?
1990–2015 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 წელს გადაცილებულ წყვილებს შორის განქორწინების რიცხვი გაორმაგდა, 65 წელს გადაცილებულ წყვილებს შორის კი გასამმაგდა. იგივე სურათია ევროპის ბევრ ქვეყანაშიც. ამ მოვლენის აღსაწერად სოციოლოგებმა მოიგონეს ტერმინი „ჭაღარა განქორწინება“. რატომ იმატა შუახნის ასაკს გადაცილებულ ადამიანებს შორის განქორწინების რიცხვმა? როგორ გავუფრთხილდეთ ქორწინებას?
რა შეიძლება იყოს მიზეზი
შუახნის ასაკს გადაცილებულ ადამიანებს შორის განქორწინების მიზეზი ხშირად ის არის, რომ მათ შორის ურთიერთობა ნელ-ნელა ცივდება. წყვილებს დროთა განმავლობაში განსხვავებული ინტერესები უჩნდებათ და იმდენი საერთო აღარ აქვთ, რამდენიც ადრე. ზოგ შემთხვევაში კი პრობლემა შვილების სახლიდან გადასვლის შემდეგ იჩენს თავს. ამ დროს ბევრი წყვილი აცნობიერებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ძირითადად, მშობლების როლს ასრულებდნენ და ავიწყდებოდათ, რომ ერთმანეთისთვისაც დაეთმოთ დრო.
ბოლო ათწლეულებია, დაქორწინებულებს ეგრეთ წოდებული ექსპერტები ქორწინების საკითხებში ურჩევენ, რომ საკუთარი ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და დაფიქრდნენ: „მაბედნიერებს ეს ქორწინება?“, „აკმაყოფილებს ჩემი მეუღლე ჩემს ემოციურ მოთხოვნილებებს?“ თუ ამ კითხვებზე პასუხები უარყოფითია, ექსპერტები მათ ურჩევენ, განქორწინდნენ და ახალი ცხოვრება დაიწყონ, რადგან ამაზე უკეთესს, მათი აზრით, ვერაფერს გააკეთებენ.
დღეს განქორწინება ჩვეულებრივ რამედ იქცა. სოციოლოგი ერიკ კლინენბერგი წერს: „აქამდე, თუ ვინმე განქორწინებას გადაწყვეტდა, სხვების წინაშე თავის მართლება უწევდა. დღეს კი თავის მართლება შეიძლება იმიტომ მოუწიოს ადამიანს, რომ მეუღლესთან პრობლემების მიუხედავად განქორწინებას არ აპირებს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჩვენს დროში ხალხი ყველაზე მეტად საკუთარ თავზე ფიქრობს“. a
რეალობა ისაა, რომ განქორწინების შემდეგ ახალი პრობლემები იჩენს თავს. მაგალითად, ერთი კვლევის თანახმად, ასაკში მყოფ წყვილებს განქორწინება დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს, განსაკუთრებით კი – ქალებს.
კიდევ ერთ რამეზე ღირს დაფიქრება. ერთ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „შეიძლება ახალ ცხოვრებას იწყებდე, მაგრამ შენ ისევ შენ ხარ. გააკეთე რამე საიმისოდ, რომ მეუღლესთან ურთიერთობა გაგეუმჯობესებინა და კონფლიქტი მოგეგვარებინა?“ (Don’t Divorce). b
რისი გაკეთება შეგიძლიათ
იფიქრეთ გამოსავალზე. ურთიერთობები იცვლება. შეიძლება თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობა იმის გამო შეიცვალა, რომ შვილები სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად ან უბრალოდ, სხვადასხვა ინტერესი გაგიჩნდათ. გამუდმებით წარსულზე ფიქრის ნაცვლად, იმაზე იფიქრეთ, ახლა როგორ გააუმჯობესოთ სიტუაცია.
ბიბლიური პრინციპი: „ნუ იტყვი, წარსული ახლანდელს სჯობიაო, რადგან არ არის სიბრძნე ამ სიტყვებში“ (ეკლესიასტე 7:10).
გახდით უკეთესი მეგობარი. დაინტერესდით იმით, რისი კეთებაც თქვენს მეუღლეს სიამოვნებს და თქვენი ინტერესებიც გაუზიარეთ მას. ეცადეთ, ორივესთვის სახალისო საქმე წამოიწყოთ ან ახალი რამ ისწავლოთ. მთავარია, ერთად უფრო მეტი დრო გაატაროთ, რათა იგრძნოთ, რომ ცოლ-ქმარი ხართ და არა უბრალოდ, ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ორი ადამიანი.
ბიბლიური პრინციპი: „თითოეულმა ის კი არ აკეთოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).
აგრძნობინეთ, რომ პატივს სცემთ. მეუღლეს პატივისცემით და თავაზიანად მოექეცით; სწორედ ისე, როგორც ამას შეყვარებულობისას აკეთებდით. ხშირად გამოიყენეთ სიტყვები „გთხოვ“ და „მადლობა“. გამუდმებით აგრძნობინეთ, რომ გიყვართ და შეუმჩნეველი არ გრჩებათ, რასაც ის თქვენთვის აკეთებს. არ დაუშვათ, რომ დროის სვლასთან ერთად ეს ყველაფერი გაუბრალოვდეს.
ბიბლიური პრინციპი: „სიკეთე გაუკეთეთ, თანაუგრძნეთ ... ერთმანეთს“ (ეფესოელები 4:32).
გაიხსენეთ ბედნიერი წუთები. ერთად დაათვალიერეთ ისეთი სურათები, რომლებიც წარსულში გატარებულ სასიამოვნო მომენტებს გაგახსენებთ, მაგალითად, ქორწილის ფოტოალბომი. ეს შეგანარჩუნებინებთ და განგიახლებთ მეუღლისადმი სიყვარულსა და პატივისცემას.
ბიბლიური პრინციპი: „თითოეულ თქვენგანს ისე უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33).
a წიგნიდან „Going Solo—The Extraordinary Rise and Surprising Appeal of Living Alone“
b განქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი არის ღალატი (მათე 19:5, 6, 9). იხილეთ სტატია „კრძალავს ბიბლია გაყრას?“.