მას თვითმკვლელობა გადააფიქრებინეს
იეჰოვას მოწმემ, 80 წლის გრემ ბრაუნიმ, შეძლო ერთი მამაკაცის გადარწმუნება, რომელსაც გონებრივი აშლილობა ჰქონდა, რომ არ გადამხტარიყო 328 მეტრი სიმაღლის სატელევიზიო ანძიდან, სკაი-ტაუერიდან (ოკლენდი, ახალი ზელანდია). «როდესაც გონებაარეულმა მამაკაცმა იეჰოვას ერთ-ერთ მოწმესთან დალაპარაკება მოითხოვა, —გვიყვება გრემი. — პოლიციელებმა დახმარებისთვის მე მომმართეს.
სკაი-ტაუერის ტექნიკურმა პერსონალმა უსაფრთხოების სპეციალური მოწყობილობა მომარგო. ერთ თოკზე მე ვიყავი გამობმული, ხოლო მეორეზე — ჩემი ბიბლია. პოლიციელები გადასახედი აივნისკენ წამიძღვნენ, რომელიც 192 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა. სახეში ცივი ქარი მცემდა. უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი კაცს, რომელიც გადახტომას აპირებდა. იგი აივნის კიდეზე იჯდა და ფეხებს ჰაერში იქნევდა.
დავუძახე, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი და მისი დახმარება მსურდა. შემდეგ გულში მოკლედ ვილოცე, ბიბლია გადავშალე და ხმამაღლა დავუწყე ლაპარაკი.
ვესაუბრებოდი იმაზე, რომ სიცოცხლე ღვთის თვალში წმინდა იყო. სწორედ ამ საკითხზე მქონდა მოხსენება სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს სამეფო დარბაზში.
— ღვთის თვალში შენი სიცოცხლე მეტად ძვირფასია, — ვუთხარი მას. — სწორედ მან გიბოძა ეს შესანიშნავი საჩუქარი. დააფასე ეს ძღვენი! გთხოვ, მოაჯირს აქეთ გადმოდი!
ბიბლიიდან რამდენიმე მუხლი წავუკითხე, მათ შორის, იოანეს 3:16, სადაც წერია: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“.
— იცოდე, ღმერთს უყვარხარ და სურს, რომ იცოცხლო, — ვუთხარი მას.
თავიდან მეგონა, რომ იგი საერთოდ არ მისმენდა. ამიტომ, ისევ ვილოცე გულში და იეჰოვას ვთხოვე, დამხმარებოდა, რომ რამენაირად შემეჩერებინა ეს მამაკაცი. ბოლოს, ნელ-ნელა წამოდგა და მომიახლოვდა. ის მეტად აღელვებული იყო.
— ამას წინათ იეჰოვას მოწმეებმა სახლში მომაკითხეს, მაგრამ მე ისინი თავიდან მოვიცილე, — მითხრა მან. — ამას ძალიან ვნანობ. მაპატიებთ?
— ნუ წუხხარ, ბევრი ჩვენგანი მოქცეულა ასე, სანამ იეჰოვას მოწმე გახდებოდა, — დავაწყნარე იგი. — დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვა გაპატიებს.
მადლობა, — მითხრა მან. — ვერ წარმოიდგენ, რამხელა ტვირთი ჩამომხსენი მხრებიდან.
— შენზე ვღელავ, — ვუთხარი მას. — მე თოკზე ვარ გამობმული, მაგრამ შენ რომ ფეხი დაგიცდეს, დაღუპული ხარ. ეს იეჰოვას გულს ატკენს. ამიტომ, გევედრები, გადმოდი მოაჯირს აქეთ!
დავინახე, რომ იგი აღარ ღელავდა.
— კარგი, გადმოვალ! — დამიჯერა მან.
მან გადმოაბიჯა მოაჯირს და ჩემ გვერდით დადგა. პოლიციამ დრო იხელთა და მის უსაფრთხოებაზე იზრუნა. სანამ ეს მოხდებოდა, მასთან მთელი საათი ვსაუბრობდი.
იეჰოვას მოწმეები გულწრფელად ზრუნავენ სხვებზე, განსაკუთრებით კი მათზე, ვინც სასოწარკვეთილია. ისინი ბიბლიის მეშვეობით ანუგეშებენ, იმედს უნერგავენ და იმაში არწმუნებენ ხალხს, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს მათზე.