ნიგერიაში 3 000 სამეფო დარბაზი აშენდა
2014 წლის 1 მარტს, შაბათს, ქალაქ ბენინ-სიტიში იეჰოვას მოწმეთა საკონგრესო დარბაზში 823-მა ადამიანმა მოიყარა თავი. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან განსაკუთრებულ მოვლენას აღნიშნავდნენ. 1999 წლიდან მოყოლებული, როცა პირველად დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში სამეფო დარბაზების შენება, იეჰოვას მოწმეებმა ნიგერიაში 3 000 სამეფო დარბაზი ააგეს.
ამ განსაკუთრებულ შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილეს, თუ რამხელა შრომა გასწიეს იეჰოვას მოწმეებმა იმისათვის, რომ მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაწყებული კრებებისთვის საჭირო რაოდენობით თაყვანისცემის ადგილები აეშენებინათ. თავიდან მოწმეები ერთმანეთთან სახლებში ან დაქირავებულ შენობებში იკრიბებოდნენ. როგორც ცნობილია, პირველი შენობა, რომელიც უშუალოდ იეჰოვას მოწმეების შეხვედრებისთვის იყო განკუთვნილი, დაახლოებით 1935 წელს ქალაქ ილეშაში აშენდა. 1938—1990 წლებში კრებების რაოდენობა თითქმის 200-ჯერ გაიზარდა — 1938 წელს, სულ რაღაც, 14 კრება იყო, ხოლო 1990 წელს მათმა რიცხვმა 2 681 შეადგინა. ამ დროის მანძილზე ნიგერიელი მოწმეებისთვის ნამდვილად არ იყო ადვილი, ეპოვათ ადგილები, სადაც შეხვედრებს ჩაატარებდნენ. ზოგი სამეფო დარბაზით ექვსი კრება სარგებლობდა, ზოგან კი იმდენად ბევრი მიდიოდა კრების შეხვედრებზე დასასწრებად, რომ ყველასთვის სამყოფი ადგილი არ იყო; მათ გარეთ უწევდათ დგომა და პროგრამას ფანჯრებიდან უსმენდნენ. ზოგი კრება კვლავ საკუთარ სახლებში ან სკოლის საკლასო ოთახებში იკრიბებოდა.
1990 წელს იეჰოვას მოწმეთა ფილიალმა ორგანიზება გაუწია იმას, რომ სამეფო დარბაზის ფონდიდან დარბაზების ასაშენებლად სესხები გაეცათ. 1997 წლისთვის რეგიონულ სამშენებლო კომიტეტებს უკვე 105 კრებისთვის ჰქონდათ გაწეული დახმარება; ისინი დაეხმარნენ მათ, აეშენებინათ და შეეკეთებინათ თავიანთი დარბაზები. 1997—1999 წლებში 13 დარბაზი აშენდა; როგორც წესი, თითოეული დარბაზის მშენებლობა 7—15 დღეს გრძელდებოდა.
მიუხედავად ასეთი სწრაფი ტემპისა, მაინც ვერ კმაყოფილდებოდა ნიგერიაში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებზე მზარდი მოთხოვნილება. 1998 წლის აპრილში იეჰოვას მოწმეების ფილიალი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ნიგერიაში 1 114 სამეფო დარბაზის აშენება იყო საჭირო.
ბენინ-სიტიში გამართულ ამ სპეციალურ შეხვედრაზე ნიგერიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, დონ ტროსტმა, აუდიტორიას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „და-ძმებმა მართლაც კოლოსალური შრომა გასწიეს! ვფიქრობდით, რომ ამდენი დარბაზის აშენებას ვერასდროს შევძლებდით“. 1999 წლიდან ყველაფერს ნათელი მოეფინა — ჩამოყალიბდა სამეფო დარბაზების 6—8 კაციანი სამშენებლო ჯგუფები, რომლებმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იეჰოვას მოწმეების არაერთ კრებას გაუწიეს დახმარება. ისინი მარტივი კონსტრუქციის დარბაზებს აგებდნენ, რის წყალობითაც ბოლო 14 წლის მანძილზე თვეში საშუალოდ 17 დარბაზს აშენებდნენ.
მას შემდეგ, რაც ძმა ტროსტმა აუდიტორია შეაქო, აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდათ გასაკეთებელი. 2013 წელს იეჰოვას მოწმეებს ნიგერიაში კიდევ 8 000-ზე მეტი და-ძმა შეემატა. მან თქვა: „თუ მომავალშიც ასე გაგრძელდა, ყოველწლიურად 100 სამეფო დარბაზის აშენება დაგვჭირდება“. 2013 წელს ნიგერიაში იეჰოვას მოწმეების უმაღლესმა რიცხვმა 351 000-ს მიაღწია, ხოლო კრებების რაოდენობამ 5 700-ს გადააჭარბა.